ომბუდსმენმა შრომით ურთიერთობაში სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

პუბლიკა

ომბუდსმენმა 16 ოქტომბერს შრომით ურთიერთობაში კერძო კომპანიის ხელმძღვანელის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა. განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში საია წარმოადგენდა.

როგორც ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, განმცხადებელი კომპანიაში გადიოდა სტაჟირებას და  მისი უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან ადგილი ჰქონდა არასასურველ სექსუალური ხასიათის სიტყვიერ და ფიზიკურ ქმედებებს, რის გამოც განმცხადებელს შეექმნა დამამცირებელი სამუშაო გარემო და იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა.

ომბუდსმენის დასკვნის მიხედვით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ამყარებდა მის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო მოპასუხე მხარის არგუმენტაცია, ვარაუდის გასაქარწყლებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

საქმეში არსებული მასალების, მათ შორის, მხარეთა გამოკითხვის, მესამე პირებისგან მიღებული ინფორმაციის და აუდიოჩანაწერების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ კომპანიის ხელმძღვანელის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული მდგომარეობის გამოყენებით, განმცხადებლის მიმართ არასასურველი, სექსუალური ხასიათის ვერბალურ და ფიზიკურ ქცევას, რომელმაც განმცხადებელს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო შეუქმნა.

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შემავიწროებელს, მომავალში, პროფესიულ თუ სხვა სახის ურთიერთობებში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო სამუშაო გარემო.

ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ  სექსუალური შევიწროების შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოების და 2019 წლის თებერვალში მისი საკანონმდებლო რეგლამენტაციის შედეგად, სახალხო დამცველისადმი ამ საკითხზე მიმართვიანობა, გარკვეულწილად, გაიზარდა.