19 ოქტომბრიდან აუდიტორიებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება - სამინისტრო

პუბლიკა

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის  ნუნუ მიცკევიჩის თქმით, 19 ოქტომბრიდან  თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის უმაღლესი სასწავლებლები, საუნივერსიტეტო სივრცეებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სამუშაოებს განაახლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

სასწავლო პროგრამების სხვა კომპონენტებს კი მათი უფლებამოსილების ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლები  ისევ დისტანციურად წარმართავენ.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უნივერსიტეტების მხრიდან ზედმიწევნით არის დაცული ყველა სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაცია – ეს არის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა მერხებს შორის, ყველა სააუდიტორიო სივრცეში სტუდენტის პირბადით გადაადგილება, სანიტაიზერების, დეზობარიერების გამოყენება, საუნივერსიტეტო სივრცეში შესვლისას თერმოსტრკრინინგი და ა.შ.

“ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა გადაამოწმა ყველა უნივერსიტეტი სასწავლო წლის დასაწყისში, მათზე გაცემულია ნებართვა და შესაბამისად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ყველა ის სივრცე, რომელიც სტუდენტებს 19 ოქტომბერს გახსნილი დახვდებათ იქნება უსაფრთხო და თითოეული მათგანის ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული.“ – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.