მდინარაძე: თუ ელენე ხოშტარიას შეუძლია სასამართლოში გინება, მაშინ სხვასაც შეუძლია, იგივე გამოავლინოს

პუბლიკა

„თუ შეიძლება, რომ სასამართლოს შენობაში ელენე ხოშტარიამ დედა აგინოს ნებისმიერ ადამიანს და ეს პრობლემა არ არის, მაშინ სხვამაც შესაძლოა იგივე დამოკიდებულება გამოამჟღავნოს“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გუშინ „ოცნების“ ოფისთან პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრების დაპირისპირებას ოფისის მიმდებარედ გამართულ აქციის მონაწილეებთან.

ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, გუშინდელ დაპირისპირებას ყურადღებით ადევნებდა თვალყურს და პოლიციის მიმართ გინება არ გაუგია.

„ის, რომ პოლიციას ვინმე აგინებდა, მტკნარი სიცრუეა. აღარავინ ვიკადროთ, რომ საზოგადოებას ტყუილები მოვახვიოთ თავს. ყურადღებით ვადევნე თვალ-ყური და არავის იქ პოლიციისთვის არ შეუგინებია“, – თქვა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

მდინარაძის შეფასებით, მხოლოდ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების აგრესიის მიმართ გაჩენილი კითხვები ტენდენციურია და ჟურნალისტებს ობიექტურობას სთხოვს. მისი თქმით, ის თავისი პარტიის აქტივისტებს მოუწოდებს მომავალში ძალადობისგან თავი შეიკავონ, „რაც არ უნდა მძიმე, პროვოკაციული და ამორალური იყოს მეორე მხრიდან დემონსტრანტების მოქმედება“.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ დაპირისპირების ფონის შექმნა „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს და არ უნდა დაუშვან ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი.