კალაძის თქმით, კანდელაკის ქუჩაზე მილის დაზიანებისთვის „თელასი” დაჯარიმდება

პუბლიკა

თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, წყალარინების ქსელის დაზიანების გამო, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია კომპანია „თელასს“ დააჯარიმებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის ინფორმაციით, ორ მონაკვეთზე დაზიანება უკვე გამოსწორებულია.

„ეს ყველაფერი დააზიანა კომპანია „თელასმა“. არ მესმის ეს დამოკიდებულება ქალაქის და იქ მცხოვრები ადამიანების მიმართ. იყო ახალი აშენებული კორპუსი და იქ რომ ელექტროენერგია შეეყვანათ, ბურღვის სამუშაოები ისე აწარმოეს, ახლად რეაბილიტირებული წყალარინების სისტემა დააზიანეს. ეს ნამდვილად მიუღებელია. შესაბამისად, აუცილებლად იქნება ჯარიმა გამოწერილი. დაიბარეთ ხელმძღვანელობა და აუხსენით, რომ მსგავსი მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არავის ვაფერხებთ და არც თანამშრომლობაზე ვამბობთ უარს“, – განაცხადა კალაძემ.