გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გზააბნეული შველი, რომელიც მოქალაქემ თავის ნაკვეთში იპოვა, ველურ ბუნებაში დააბრუნეს.
უწყების ინფორმაციით, შველი გურიაში, სოფელ ბუკისციხეში, ადგილობრივმა მცხოვრებმა თავის საკარმიდამო ნაკვეთში იპოვა და დასახმარებლად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს მიმართა.
ცხოველს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, მისი მტირალას ეროვნულ პარკში გაშვება გადაწყდა.
„აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მტირალას ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად, შველი ველურ ბუნებაში გაუშვეს“,- – წერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.