აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი ლიდერობს

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ითვლიან. სავარაუდოდ, მალე გადაწყდება, ვინ დაიკავებს თეთრ სახლს მომავალი 4 წლის განმავლობაში.

წლევანდელი არჩევნების ბედს ე.წ. მერყევი შტატები გადაწყვეტენ, რომელთა ნაწილში ხმებს ჯერ კიდევ ითვლიან.

ბოლო მონაცემებით, ვისკონსინსა და მიჩიგანში გამარჯვების შემდეგ საარჩევნო კოლეგიაში 264 დელეგატი ჰყავს „დემოკრატების“ კანდიდატ ჯო ბაიდენს. „რესპუბლიკელების“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა კი საარჩევნო კოლეგიაში 214 დელეგატი მიიღო.

პრეზიდენტად არჩევისთვის სულ 270 დელეგატის ხმაა საჭირო.

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა მიჩიგანის შტატის სასამართლოში საჩივარი შეიტანა და მოითხოვა, რომ გააცნონ საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების დათვლის პროცესი. ტრამპის შტაბმა ასევე განაცხადა, რომ ის ხმების ხელახლა დათვლას მოითხოვს ვისკონსინში.

როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, არ არის გამორიცხული, შედეგები რამდენიმე დღის განმავლობაშიც კი არ ვიცოდეთ. მაგალითად, შესაძლოა, გაჭიანურდეს ფოსტით გაგზავნილი ხმების დათვლა. ასობით სასამართლო ბრძოლა მიმდინარეობს იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ხმის მიცემა. ეს იმ პირობებში, როცა 100 მილიონამდე ამერიკელმა ხმა ნაადრევ კენჭისყრაზე ფოსტით ან ფიზიკურად მისცა.