„არსებობს წითელი ხაზები“ - გახარია ქუჩის აქციებზე

პუბლიკა

„ზოგიერთი დესტრუქციული პოლიტიკოსის თავშია აქცია, როგორც ვირუსის გავრცელება; აქცია, როგორც ეკონონმიკურ კრიზისში შესვლა – აი, ასეთ სახეს იღებს და, რა თქმა უნდა, არსებობს წითელი ხაზები“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანა სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგას და ეს არის პანდემია, ეკონომიკური კრიზისი და პოლიტიკური კრიზისი. მისი თქმით, ქვეყნის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს, თუმცა ეს არ და ვერ მოხდება ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რას ნიშნავს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ეს პროცესი, გამოხატვის თავისუფლება და ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ქუჩაში მიდის. თუმცა ეს ვერ იქნება და არ იქნება ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე. ეს ვერ იქნება და არ იქნება ქვეყნის ეკონომიკის დანგრევის ხარჯზე. სამწუხაროდ, მე ამას არ ვამბობ ყველასთან მიმართებით, ზოგიერთი დესტრუქციული პოლიტიკოსის თავშია აქცია, როგორც ვირუსის გავრცელება, აქცია როგორც ეკონონმიკურ კრიზისში შესვლა – აი, ასეთ სახეს იღებს და, რა თქმა უნდა, არსებობს წითელი ხაზები. ჩვენთვის ეს წითელი ხაზები არის ჩვენი ინსტიტუციონალური სიძლიერე, ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი პოლიცია, ჩვენი ჯარი“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, სახელმწიფოს ხელყოფის შემთხვევაში ეს სწრაფად და ეფექტურად აღიკვეთება, თუმცა მან აღნიშნა, რომ ყევლას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ წესების დაცვით.

„იქ, სადაც სახელმწიფოს ხელყოფას, სახელმწიფოს დანგრევას, ან ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას შეეხეება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უკან არასოდეს არ დაიხევს, ჩვენ ვიქნებით ეფექტურები და სწრაფები, რომ მსგავსი შემთხვევები აღვკვეთოთ. ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს არ ეხება და ვერ შეეხება გამოხატვის თავისუფლებას. ყველას შეუძლია რომ აღასრულოს თავისი უფლება გამოხატვის, მაგრამ წესების დაცვით. ამისთვის არსებობს შესაბამისი ადგილი, დრო, წესები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – განაცხადა პრემიერმა.