იუსტიციის მინისტრი რუსეთში ექსტრადირებულ პატიმარზე ინფორმაციას არ გვაწვდის - HRC

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის  მინისტრს, მიაწოდოს ორგანიზაციას და საზოგადოებას საჯარო ინფორმაცია 2019 წლის 19 სექტემბერს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებული პატიმრის, რამზან ახიადოვის საპატიმრო პირობების და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ცენტრში ამბობენ, რომ ასევე მნიშვნელოვანია, იუსტიციის მინისტრმა წარმოადგინოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის წარმოდგენილი ე.წ. გარანტიების შესრულების მონიტორინგის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრში ამბობენ, რომ რამზან ახიადოვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. 2016 წლიდან ოჯახთან ერთად  ცხოვრობდა საქართველოში და ეწეოდა სამეწარემო საქმიანობას. რამზან ახიადოვის დაკავებისა და რუსეთისთვის გადაცემის საფუძველს წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციის მიერ მასზე გამოცხადებული ძებნა, როგორც „ისლამურ სახლემწიფოსთან“ კავშირში მყოფ პირზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, არ გადაეცათ რამზან ახიადოვი რუსეთის ფედერაციისთვის, ვინაიდან მას როგორც ეთნიკურ ჩეჩენს, რუსეთის საპატიმრო დაწესებულებაში ემუქრებოდა წამების და არაადამიანური მოპყრობის რეალური საფრთხე. მიუხედავად პროტესტისა, საქართველოს ხელისუფლებამ  2019 წლის 19 სექტემბერს ახიადოვი რუსეთის ფედერაციას გადასცა.

რამზან ახიადოვის ექსტრადიციას წინ უძღოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის  განცხადება: „ჩვენ რუსეთის ფედერაციისგან მივიღეთ წერილობითი გარანტიები, რომ მიუხედავად ძალიან მძიმე მუხლებისა, ექსტრადიციაზე დავთანხმებოდით, რომ ეს პირი იქნება მოთავსებული ადამიანურ პირობებში საპატიმროში და მას არ დაემუქრება ის პრობლემა, რაც შეიძლება დაკვალიფიცირდეს ჩვენი ან ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლით…“ „არავითარი ეჭვი, როგორც ამას ამბობს დღევანდელი სტრასბურგის სტანდარტი, არ არსებობს, რომ ასეთ გარანტიებში, რომელიც გენერალური პროკურატურიდან მომდინარეობს, ეჭვი იქნას შეტანილი. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ გარანტიების შესრულების მონიტორინგს რუსეთის ფედერაციის მხრიდან და გავაგრძელებთ ტერორიზმთან ბრძოლას ჩვენს კოლეგა უწყებებთან ერთად…“

2019 წლის 8 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მოეწოდებინა საჯარო ინფორმაცია, განახორციელა თუ არა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მინისტრის მიერ  დაპირებული მონიტორინგი და რამდენად  სრულდება რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული სამართლებრივი  გარანტიები რამზან ახიადოვის მიმართ.

„ვინაიდან მინისტრმა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ გასცა 10 დღეში, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი, 2019 წლის 22 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა განმეორებით მიმართა მას, მოეწოდებინა შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია: საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციიდან გამოითხოვა თუ არა, რა პირობებში იმყოფება დღეისათვის  რამზან ახიადოვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის საპატიმროში და რამდენად სრულდება რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული სამართლებრივი გარანტიები.  მინისტრმა ამჯერადაც დაარღვია საჯარო ინფორმაციის მოწოდების 10-დღიანი ვადა.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის  თანახმად,   საჯარო დაწესებულება ვალდებულია, გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის – ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა.   საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მინისტრს კი არცერთ გაგზავნილ წერილზე პასუხი არ გაუცია, რითაც დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლები, “- ამბობენ ცენტრში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დროულად გასცეს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია დაპირებული მონიტორინგის შედეგების შესახებ.