IDFI გადაადგილების შეზღუდვის წესზე: მთავრობის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „ნორმატიული აქტების" კანონს

პუბლიკა

საქართველოს მთავრობამ შესაბამის დადგენილებაში დღეს, 9 ნოემბერს ასახა გადაადგილების შეზღუდვის ჩანაწერი.

კერძოდ, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში იკრძალება 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

მთავრობამ კომენდანტის საათის ამოქმედების ვადად განსაზღვრა 9 ნოემბრის 22 საათი, მაშინ როდესაც კანონში „ნორმატიული აქტების შესახებ” აღნიშნულია, რომ ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნების დღეს, 24 საათზე. ანუ კანონის თანახმად, გადაადგილების შეზღუდვა ნაცვლად 22 საათისა, ძალაში დღეს 24 საათზე უნდა შესულიყო.

IDFI აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის ამგვარი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონს. დაშვება იმისა, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია განსხვავებულად მოაწესრიგოს ნორმატიული აქტის მიღებისა და გამოქვეყნების წესები, მნიშვნელოვნად არყევს სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციურ პრინციპს.