მოდით, ვიყოთ რეალისტები, ვაქცინა ჩვენთან გაზაფხულზე ადრე არ იქნება - იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „მაესტროსთან“ კორონავირუსის ვაქცინის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დამაიმედებელი ინფორმაციაა ვაქცინების შესახებ.

„ძალიან საიმედო შედეგები აქვს მესამე ფაზის კვლევაში ამერიკულ-გერმანულ ვაქცინას (Pfizer/BioNTech). ასევე მთავრდება რამდენიმე კომპანიის ვაქცინის კვლევა. იმედია, ეს ვაქცინები გამოჩნდება. ალბათ, წლის ბოლოსთვის დაიწყება მათი მასიური წარმოება. საქართველო უკვე არის მონაწილე გლობალური ფონდის და რიგში ვართ,  გადახდილიც გვაქვს თანხა წინასწარ. მაგრამ ხომ გასაგებია, რომ ჯერ თავიანთი ქვეყნებისთვის ექნებათ და მერე დაიწყება მისი განაწილება მსოფლიოში. ჩვენ უკვე რიგში ვართ.. მოდით, ვიყოთ რეალისტები. ეს ალბათ, გაზაფხულზე ადრე არ იქნება”, – თქვა პატა იმნაძემ.

დღეს აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, აშშ-ში COVID-19-ის ვაქცინა დეკემბერში შეიტანონ, თუკი მისი „საიმედოობა და ეფექტიანობა“ დადასტურდება. ფაუჩი აცხადებს, რომ ვაქცინაზე მომუშავე კომპანია Pfizer-ს ენდობა და თუ მის მიერ დამზადებულ ვაქცინას საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია მწვანე შუქს აუნთებს, მზად არის, ვაქცინა თავადაც მიიღოს.