ბავშვთა პრობლემები პანდემიისას | ორგანიზაციების წერილი გახარიას

პუბლიკა

საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მოწვეულ სპეციალურ სესიაზე, რომელიც COVID-19-ის თემაზე 3-4 დეკემბერს იმართება, საქართველომ დააფიქსიროს ინტერესი ბავშვთა პრობლემების მიმართ დაფინანსების გაზრდის, მიზნობრივი პროგრამების გაძლიერების და პანდემიაზე რეაგირების გეგმაში ბავშვთა საკითხების პრიორიტეტულობის შესახებ.

„მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები პანდემიის პირველადი მსხვერპლები არ არიან, მათ განსაკუთრებით შეეხოთ COVID-19-ით გამოწვეული უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე საქართველოშიც. ქვეყნის მიერ ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის პროგრესის კუთხით მიღწეული შედეგები ახლა სერიოზული საფრთხის ქვეშაა“, – ნათქვამია წერილში.

წერილში ხაზგასმულია ის ძირითადი პრობლემები, რაც საფრთხეს უქმნის ბავშვთა დაცვისა და განვითარების საკითხს.

„COVID-19-ის შედეგების სწრაფი შეფასების კვლევით, რომელიც 2020 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველომ ჩაატარა, მაღალი ეკონომიკური მოწყვლადობის ოჯახების ბავშვების 59.4 პროცენტი საერთოდ არ იყო ჩართული დისტანციური სწავლების პროგრამაში. ორგანიზაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ მონაცემების თანახმად, ორგანიზაციის ბენეფიციარი ბავშვების 27 პროცენტს საერთოდ არ ჰქონდა ინტერნეტთან ან სათანადო ტექნოლოგიასთან ხელმისაწვდომობა“, – ნათქვამია წერილში.

ორგანიზაციების აზრით, ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული უარყოფითი შედეგები განსაკუთრებით მტკივნეულია ბავშვებისათვის და მათ კეთილდღეობასა და მომავალს გრძელვადიან საფრთხეს უქმნის

„ოჯახების სიღარიბის მაჩვენებელი გაღრმავდა და მაგალითისათვის, ორგანიზაცია World Vision საქართველოს მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად, ოჯახების შემოსავალი კახეთის რეგიონში შემცირდა 21.1 პროცენტით, იმერეთის რეგიონში 17.1 პროცენტით, ხოლო სამცხე-ჯავახეთში 16 პროცენტით. სახელმწიფოს მიერ შემოღებული რეგულაციების შედეგად საქართველოში უკიდურესად დამძიმდა ქუჩასთან დაკავშირებული და მიუსაფარი ბავშვების მდგომარეობა, რადგან დაიხურა დღის ცენტრები მიუსაფარი ბავშვებისათვის და ამ ცენტრების ბენეფიციარები შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდებოდნენ, რომ არ განხორციელებულიყო მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციების მიერ ოჯახებში საკვების დისტრიბუცია“, – აღნიშნულია წერილში.

წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ COVID-19-მა წარმოშვა და გააღრმავა შემდეგი რისკები: ხელმისაწვდომობა ძირითად მომსახურებებზე (საგანმანათლებლო, განმავითარებელი, სარეაბილიტაციო), თანატოლთა შორის სოციალური ურთიერთობების რღვევა, ფსიქოსოციალური სირთულეების ზრდა ბავშვებსა და მათ მზრუნველებში, ბავშვებსა და მოზარდებში საფრთხის და შფოთვის შეგრძნების ზრდა, ოჯახების შემოსავლის შემცირება, მშობლების მომატებული სტრესისა და შფოთვის პირობებში, ბავშვთა მიმართ ყველა ფორმის ძალადობის ზრდის რისკები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მიმართ გაზრდილი სტიგმა და სოციალური იზოლაციის გაღრმავების რისკები, 5 წელზე ასაკის ქვემოთ ბავშვების ნუტრიციული დეფიციტი და განვითარების შეფერხების რისკები.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • World Vision საქართველო;
  • Save the Children in Georgia;
  • SOS Children’s Villages Georgia.