COVID-19 დადასტურებული აქვს მხოლოდ 173 მეხანძრე-მაშველს - საგანგებო სიტუაციების სამსახური

პუბლიკა

ამ დროისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 3 ათასი მეხანძრე-მაშველიდან „კოვიდ-19″ დადასტურებული აქვს მხოლოდ 173 მეხანძრე-მაშველს, – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ყველა თანამშრომელი, ვისაც დადასტურებული აქვს „კოვიდ-19″, გადის შესაბამის მკურნალობას, ხოლო ის თანამშრომელი, ვისაც დაუფიქსირდება ინფიცირებულთან კონტაქტი, გადადის თვითიზოლაციაში და 72 საათში უტარდება PCR-ტესტი.

„ამ დროისთვის, სახანძრო-სამაშველო ძალებში რაიმე სახის ეპიდაფეთქებაზე საუბარი არის საფუძველს მოკლებული და ტყუილი. ტელეკომპანია „მთავრი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მასში დაშვებულია რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა: 1. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში ეპიდაფეთქება არ არის. 2. „112-ის“ თანამშრომელი არ არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი. 3. საუბარია სააგენტოზე, როგორც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტზე, რაც ბუნებაში არ არსებობს. შესაბამისად, ე.წ. სატელეფონო ინტერვიუ ტირაჟირებს ტყუილს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს „მთავარი არხი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით არ დაკავშირებია“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, კოვიდპანდემიის მიუხედავად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი შეუფერხებლად მუშაობს. განსაკუთრებულად კონტროლდება სანიტარული და უსაფრთხოების ნორმები სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში, რადგან მათ პირდაპირი შეხება აქვთ მოქალაქეებთან. მეხანძრე-მაშველები უზრუნველყოფილი არიან ინდივიდუალური დაცვის ყველა საჭირო საშუალებით. ყოველ შაბათ-კვირას ხდება სახანძრო-სამაშველო ძალების შენობების დეზინფექცია, ხოლო რომელიმე დანაყოფში ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ტარდება არაგეგმური დეზინფექცია, როგორც შენობების, ასევე, ავტომობილების.