შევიძინეთ 10 ახალი გენერატორი, თითო დღეში 1 ტონა ჟანგბადს აწარმოებს - თურნავა

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და პრემიერის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაზრდის ხელშეწყობაში და ასევე მუშაობს მარაგის შექმნის მიმართულებით.

მისი განმარტებით, განსაკუთრებით შემოდგომაზე ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის დროს, პრაქტიკულად, 3-ჯერ გაიზრდა სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება, სამედიცინო დაწესებულების მიერ. კერძოდ, დღეში 80  ტონას აჭარბებს სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება.

„ჩვენ პრემიერის დავალებით ვმუშაობთ, რომ არ შექიმნას არანაირი დეფიციტი და მინდა, დავარწმუნო მოსახლეობა და სამედიცინო სექტორი, რომ არანაირი პრობლემა სამედიცინო ჟანგბადის მომარაგების კუთხით არ შეიქმნება. ეს კეთდება ერთი იმ მიმართულებით, რომ დღეს არსებული სიმძლავრეები იზრდება. ჩვენ მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დავეხმარეთ რამდენიმე ჟანგბადის მწარმოებელს, რომ თავიანთ პოტენციურ სიმძლავრეებზე გასულიყვნენ, ახალი დანადგარაები დაემონტაჟებინათ და სერიოზულად გაიზარდათ წარმოება.

გარდა ამისა, დავინახეთ რა საჭიროება, ძალიან ოპერატიულად მთავარობასთან ერთად შევიძინეთ  თურქეთში 10 ახალი გენერატორი, თავისი კომპრესორით. თითო დღეში 1 ტონა ჟანგბადს აწარმოებს . აქედან 2 უკვე ჩამოვიდა და დამონტაჟდა რუხის კლინიკაში, სადაც ეს პრობლემა უკვე გადაჭრილია“, – განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, 17 დეკემბერს კიდევ 6 დანადგარი შემოვა. 3 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დამონტაჟდება, 3 – თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.