აზერბაიჯანმა საქართველოს 100 ტონა თხევადი ჟანგბადი უსასყიდლოდ გადასცა

პუბლიკა

კოვიდინფიცირებული პაციენტების ჟანგბადით მოსამარაგებლად აზერბაიჯანმა საქართველოსთვის 100 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადი უსასყიდლოდ გამოყო. ინფორმაციას აზერბაიჯანში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს განცხადებით, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ერთ-ერთი აზერბაიჯანული კომპანია საქართველოს დაეხმარა.

„ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების დახმარებით, ოპერატიულ რეჟიმში მოხერხდა შესაბამისი რაოდენობის თხევადი სამედიცინო ჟანგბადის მარაგების მოძიება. საელჩოს სურს მადლობა გადაუხადოს აზერბაიჯანულ კომპანიას Baku steel, რომელმაც უსასყიდლოდ გამოუყო საქართველოს კოვიდ-კლინიკებს 100 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადი და აგრეთვე, ამავე კომპანიამ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო აღნიშნული ტვირთის ტრანსპორტირება საქართველოში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს განცხადებით, ჯანდაცვის სექტორში დეფიციტის თავიდან ასარიდებლად აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება.