პოლიტიკურ პარტიებს მოვუწოდებ, ჩამოხსნან ქალაქში გაკრული საარჩევნო პლაკატები – კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებს მოუწოდა, ჩამოხსნან ქალაქში გაკრული სააგიტაციო მასალა. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძის განმარტებით, არჩევნების ოფიციალური შედეგის გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უნდა ჩამოიხსნას პლაკატები, ბანერები და სხვა სააგიტაციო მასალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონმდებლობა ითვალისწინებს საჯარიმო სანქციას 1 000 ლარს.

„საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებმა არჩევნების საბოლოო შედეგის გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა.

მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო ყველა პოლიტიკურ პარტიას, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეს სააგიტაციო მასალა ჩამოხსნილი იყოს და მოვაწესრიგოთ ყველაფერი ქალაქში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ ეს მასალები გაკრული, ღობეებსა და კედლებზე, რადგან ვიზუალურად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის. დიდი იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და იმოქმედებს ისე, რომ მაქსიმალურად ეს პლაკატები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში იყო გაკრული, ჩამოვხსნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია იქნება 1000 ლარი.

მინდა, მუნიციპალურ ინსპექციას დავავალო, რომ ყურადღებით იყოს. არავის აქვს სურვილი, რომ დავაჯარიმოთ ვიღაცები, მაგრამ მინდა, ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ როდესაც საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება, დედაქალაქში ყველაფერი იყოს მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.