ჯანდაცვის სისტემასა და მინისტრზე ორკესტრირებული შეტევა ვირუსის მხარეს დგომაა – მდინარაძე

პუბლიკა

მმართველი პარტია „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სისტემის მისამართით არსებულ კრიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ორკესტრირებული შეტევა.

მისი თქმით, ამ მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაში, ჯანდაცვის სისტემასა და ექიმებზე ორკესტრირებული შეტევა, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად, არის სრულიად გაუმართლებელი.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების, მედიის, თუ ორგანიზაციების მხრიდან მიზანმიმართულ და ორკესტრირებულ შეტევას საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე, იმ ადამიანებზე, ვინც ამ ურთულეს ვითარებაში ზრუნავენ და ხშირად შეუძლებელს აკეთებს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ამისთვის ბუნებრივია, ჩვენს ექიმებს და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ძალიან დიდ მადლობას ვუხდით.

დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და ყველამ ვიცით, რომ ჩვენზე ბევრად მდიდარ და ძლიერ ქვეყნებს უჭირთ „covid-19“-ის შედეგებთან გამკლავება. ამ მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაში, ჯანდაცვის სისტემასა და ექიმებზე ორკესტრირებული შეტევა, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად, არის სრულიად გაუმართლებელი. დღეს და ამ საკითხში, არა ერთმანეთთან ბრძოლის, არა ერთმანეთის შეცდომებსა თუ ხარვეზებზე ჩასაფრების და ასეთი ხარვეზები, რა თქმა უნდა იარსებებს შექმნილ ვითარებაში, არამედ გაერთიანების და ერთად დგომის დროა.

ამ ფონზე, ექიმებზე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე და ამ სისტემის ხელმძღვანელზე – ჯანდაცვის მინისტრზე მიზანმიმართული, ორკესტრირებული შეტევა, მით უმეტეს, რომ ეს რიგ შემთხვევებში, გამოგონილი ისტორიების დაბრალების გზით ხდება, ჯანდაცვის მინისტრის და მთლიანად სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, არა უბრალოდ არასწორია, არამედ გამოდის, რომ მომაკვდინებელი ვირუსის მხარეს დგომაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.