„გირჩის" იდეის მთავარი მამოძრავებელი ხარ შენ" – ხაჩიძე ჯაფარიძეს მხარდაჭერას უცხადებს

პუბლიკა
„გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე პარტიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ მხარდაჭერას ზურაბ ჯაფარიძეს უცხადებს.
„გირჩი“ იდეაა, უნიკალური იდეა და ამ იდეის მთავარი მამოძრავებელი კაცი, რა თქმა უნდა, შენ ხარ! ეს, ასე იყო დასაწყისიდან და ასეა ახლაც. თუ ვინმე ამ ფაქტობრივ მოცემულობას არ აღიარებს, უბრალოდ სასაცილოა. მე ვიცი, რა პრობლემები იყო გირჩში; ისიც ვიცი რამხელა მოთმინებით სცადე ამ პრობლემების მოგვარება ბევრჯერ; ვიცი, როგორ აგროვებდი, გირჩიდან არადამიანური მოქცევის გამო წასულ/გაქცეულ ადამიანებს; ვიცი, როგორ სათითაოდ აგროვებდი და აგროვებ გირჩის მხარდამჭერებს… მესმის რა ძნელია, როცა შენს შეგროვებულს და შენს ნაწვალებს ვიღაც ანიავებს… ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ გირჩელს ვინც გვერდით გიდგას“, – მიმართავს ხაჩიძე ზურაბ ჯაფარიძეს.
„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში, „გირჩის” მხარდამჭერების ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა, რომ მისი, იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილის „გზები გაიყო“. როგორც ის აღნიშნავს, მიზეზებზე საჯაროდ საუბარს არ აპირებს.
სტატუსით გავრცელებულ ინფორმაციას „პუბლიკას“ ზურაბ ჯაფარიძის პრესსამსახურში უდასტურებენ. ამბობენ, რომ იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი, სანდრო რაქვიაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ერთად აღარ ითანამშრომლებენ. რა ფორმით გააგრძელებს „გირჩი“ ფუნქციონირებას, სამომავლო გეგმებზე ეტაპობრივად მიაწოდებენ საზოგადოებას ინფორმაციას.