COVID-19 | ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს, პასუხი გასცეს საზოგადოების ლეგიტიმურ კითხვებს

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება და სახელმწიფო ორგანოებს კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს.

სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ პერიოდულად მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რა დროსაც გარდაცვლილთა ოჯახები მიუთითებენ დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობაზე, რამაც პაციენტების გარდაცვალება გამოიწვია. „იგივე პრობლემაზე საუბრობენ 29 ნოემბერს ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის პაციენტის მშობლები. ოჯახის წევრების განმარტებით, პაციენტს აღენიშნებოდა თანმდევი ქრონიკული დაავადება, თუმცა, მათი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, პაციენტი კლინიკაში დროულად არ გადაიყვანეს“.

აპარატის ინფორმაციით, 30 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 წლის პაციენტის გარდაცვალების საქმეს სპეციალური კომისია განიხილავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 24 სექტემბრის № 01-482/ო ბრძანებით, სტაციონალურ სამედიცინო დაწესებულებებში COVID 19-ის შემთხვევების მართვის კლინიკურ აუდიტს მოწვეული ექსპერტების ჯგუფი ახორციელებს, რომელიც მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე, ამზადებს რეკომენდაციებს COVID 19-ის შემთხვევების მართვის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

„სახალხო დამცველის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამჭვირვალობის სტანდარტის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმური კითხვებზე საპასუხოდ არ არის საკმარისი მხოლოდ საწოლ ფონდსა და ჯანდაცვის სისტემის ზოგად მზაობაზე მითითებები“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

„განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით“, საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს – მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია COVID 19-ის შემთხვევების აუდიტის ექპერტთა ჯგუფის საქმიანობის შედეგების თაობაზე. კერძოდ, ამ დროისთვის რამდენი შემთხვევა გაანალიზდა, რა ხარვეზები გამოიკვეთა და რა კონკრეტული რეკომენდაციები გაიცა. ასევე, კონკრეტულად რა ზომების მიღება არის დაგეგმილი და როდისთვის, გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.