მე ამ სისტემის ნაწილი აღარ ვიქნები, ცალკე ახალ სისტემას ავაწყობ და გავაკეთებ „გირჩს“ - ჯაფარიძე

პუბლიკა

პარტია „გირჩის“ დამფუძნებლის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ის პარტიის სისტემიდან გასვლას გეგმავს და თანამოაზრეებთან ერთად თავიდან დაიწყებს „პოლიტიკური ორგანიზმის“ ჩამოყალიბებას.

„მე ცალკე ვაპირებ „გირჩის“ კეთების გაგრძელებას“, – თქვა ჯაფარიძემ „მთავარი არხის“ ეთერში და შეკითხვაზე „გირჩში“ თავად დარჩა თუ იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და სანდრო რაქვიაშვილი, უპასუხა, რომ ოფიციალურ მხარეს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, პარტიის სისტემიდან გადის და ახლის მშენებლობას გეგმავს.

„გააჩნია „გირჩს“ რას დავუძახებთ. თუ რეესტრის რაიმე ამონაწერზეა საუბარი, ეგ ჩემი ინტერესის საგანი არასდროს ყოფილა. ეგ ჩემთვის საინტერესო არ არის. ბოლოს როდის ვნახე ეგ ფურცელი, აღარ მახსოვს.

ისევე, როგორც „გირჩს აქვს“ თავისი სისტემა, რომლიდანაც მე გავალ უბრალოდ და გავაგრძელებ იმის კეთებას… ჩვენ გვაქვს რაღაც პორტალი, ცალკე სისტემა გვაქვს აწყობილი, რომელზეც იყო დაშენებული ბევრი რაღაცები. მე შევთავაზე მათ, რომ მე მაინტერესებდა ერთადერთი სახელი და გირჩის Facebook-ფეიჯი. შევთავაზე, რომ გადაგვეწყვიტა ეს დემოკრატიული გზით და „ბაბლში“ ხმის მიცემა ყოფილიყო ან „ჯედების“ სისტემით და საბოლოო ჯამში პასუხი არ გამცეს და ჩავთვალე, რომ უარია. ამაზე ჩემი გადაწყვეტილება, რომელზეც პირველად ვლაპარაკობ, არის ის, რომ მე ამ სისტემის ნაწილი აღარ ვიქნები, ცალკე ახალ სისტემას ავაწყობ და გავაკეთებ „გირჩს“,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ შეკითხვაზე, ვინ იქნება საარჩევნო სუბიექტის „გირჩის“ ქვეშ, გადაცემის წამყვანს ნიკა გვარამიას უპასუხა, რომ თავად იქნება, თუმცა „შეიძლება ისინიც [მასთან დაპირისპირებული ლიდერები] იყვნენ“.

ასევე „გირჩის“ დამფუძნებლის თქმით, თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი პარლამენტში შესვლაზე განსხვავებული მოსაზრებები არ ყოფილა და ერთად მუშაობის პერიოდში ამ საკითხზე დანარჩენი ოპოზიციური პარტიების პოზიციას იზიარებდნენ. თუმცა, ჯაფარიძის თქმით, საპარლამენტო არჩევნებში ნაჩვენები შედეგი მათთვის წარმატება იყო და ამ წარმატების შემდეგ დანარჩენ არჩეულ წევრებსა და მას შორის უთანხმოება უფრო გააღრმავა.

„პრობლემები ახლა არ დაწყებულა, პრობლემები ადრეც იყო. მაგრამ წარმატებამ, რომელსაც „გირჩმა“ მიაღწია, ეს პრობლემები გააორმაგა. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. მე მქონდა მოლოდინი, რომ პირიქით იქნებოდა. წარმატება მოიტანდა იმას, რომ რაღაცნაირად უფრო დალაგდებოდა ეს ყველაფერი. მაგრამ პირიქით მოხდა და ამან დამარწმუნა 100%-ით იმაში, რომ ასე გაგრძელება ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია აქედან რამე კარგი გამოვიდეს“, – თქვა ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, თანამშომლობის გაწყვეტის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ პარტიაში ყოფნის პროცესში გაანალიზა, იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად, ვერ შექმნიდა ისეთ პოლიტიკურ ინსტიტუტს, როგორიც მას სურდა.

„საბოლოო ჯამში, თუ რაღაც რეპუტაციული ზიანი მომადგა, მაგ თვალსაზრისით მომადგა. გამოდის, რომ იმ ადამიანებზე არ გავაკეთე ფსონი, ადამიანები ვერ შევარჩიე კარგად იმ მიზნისთვის… სხვა მიზნისთვის, ეს ადამიანები კარგი ადამიანები არიან და ბევრი კარგი რამ შეიძლება გააკეთონ, მაგრამ კონკრეტულად იმისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური ორგანიზმი ააშენო, რომელიც გაიზრდება, წარმატებას მიაღწევს, დარჩება და შენს გარეშეც გააგრძელებს ცხოვრებას, მაგ მიზნისთვის [კარგად ვერ შევარჩიე]“, – თქვა ჯაფარიძემ.