„ჩვენ ვმუშაობთ საეკლესიო პირებთანაც. შრომის უსაფრთხოების სამსახურს ექნება მათთან დამატებითი შეხვედრები“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ტიკარაძემ მედიის შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის, კითხვა შეეხო სასულიერო პირების დაინფიცირების საკითხსაც.
„გამომდინარე იქიდან, რომ გაზაფხულზე საკმაოდ კარგად გვქონდა გაწერილი პროტოკოლი, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროტოკოლი კვლავაც იქნეს მათი მხრიდან დაცული, თუმცა ის ინფიცირების მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ დღესდღეობით სამღვდელოებაში გვაქვს, არ წარმოადგენს საგანგაშოს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ეკლესიაშიც, ისევე როგორც ყველგან, აუცილებელია, რომ ადამიანები იყვნენ პირბადით და დაიცვან დისტანცია.
„საეკლესიო პირები და ეკლესია გახლავთ ჩვენი საზოგადოების ისეთივე წევრი, როგორიც ნებისმიერი ჩვენგანი, ამიტომ ის ზოგადი რეკომენდაციები, რომ ეკლესიაში და მის გარეთ აუცილებლად ვიყოთ პირბადით, ეს არის აუცილებელი, ეკლესიაში შიგნით თუ გარეთ დავიცვათ დისტანცია – ეს არის აუცილებელი. განსაკუთრებით ახლა, დეკემბერი და იანვარიც იქნება შედარებით მძიმე, რადგან ერთმანეთს ედება ყველანაირი რესპირაციული ინფექცია – იქნება გრიპი, კოვიდი თუ სხვა და მეტი რისკია ამ ტიპის ინფექციების გავრცელების, ამიტომ დისტანცია, ხელების დამუშვება, პირბადე – ყველა ამ ინფექციისთვის ერთი და იგივე პრევენციული ღონისძიებაა და ვთხოვ ჩვენს საეკლესიო წინამძღვრებს, ისევე როგორც მრევლს, რომ დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიძლევით. სასურველია, წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ და ეს მოხდეს გახმოვანების საშუალებით, ვიდრე შიგნით”, – განაცხადა გამყრელიძემ.
დღეს, 7 დეკემბერს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით გარდაიცვალა დეკანოზი დავით ქვლივიძე, ვირუსი დაუდასტურდა მთავარეპისკოპოს სპირიდონს.
გასულ თვეს კორონავირუსით გარდაიცვალა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე.