დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ მოსახლეობა პირბადის ტარების მაჩვენებელს 95%-მდე აიყვანს და სხვა რეგულაციებსაც ზედმიწევნით დაიცავს, თვის ბოლოდან შემთხვევათა რაოდენობა შესაძლოა, განახევრდეს, აპრილში კი დღიურ ორას შემთხვევამდე ჩამოვიდეს.
„თუ ყველა შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რაც დადგენილია ამ სამი კვირის განმავლობაში და მეტი, განსაკუთრებით, პირბადის მაჩვენებელი, რომელიც უკვე ცოტა ზემოთ აგვეწია (ტარების მაჩვენებელი 55%-დან 65%-ზე), მაგრამ ავიყვანთ მას კიდევ მაქსიმუმამდე და მაქსიმუმი არის 95%, ამ თვის ბოლოს ჩვენ შეიძლება, ახალ შემთხვევათა რაოდენობა გავანახევროთ და შეიძლება, სერიოზული ტენდენცია შეიქმნას ქვეყანაში ქვესვლის, აპრილისთვის კი შეიძლება, ეს მაჩვენებელი ჩამოვიდეს დღიურად, სადღაც, 200-ის ფარგლებში, რაც, მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის“, – აცხადებს გამყრელიძე.
ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ მიმართავს მოსახლეობას, სიმპტომების შემთხვევაში, თვითდინებით ან ექიმის დანიშნულებით, მივიდნენ ამბულატორიებში და ანტიგენზე დამყარებული ტესტი ჩაიტარონ, რაც, მისი თქმით, შემთხვევების სწრაფ გამოვლენას და ინფიცირების ჯაჭვის შეწყვეტას შეუწყობს ხელს.
„კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, რომ ისარგებლონ ამ შემოთავაზებით, რომ ქვეყნის, დაახლოებით, 200-ზე მეტ ადგილას ხელმისაწვდომია დღეს ტესტირება, მხედველობაში მაქვს ანტიგენის ტესტირება, ანუ ყველა სტაციონარში, ყველა სტაციონარიზებული ავადმყოფისთვის და ასევე თბილისში, დაახლოებით, 42 ამბულატორიულ დაწესებულებაში და მთელი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 150-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში ხელმისაწვდომია ეს და ეს გახლავთ, ხაზს ვუსვამ, უფასო და სიმპტომებიან ადამიანს შეუძლია, რა თქმა უნდა, მიმართოს როგორც ექიმის დანიშნულებით, ისე ყოველგვარი დანიშნულების გარეშე, თვითდინებით,“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.