ბოლო 2 დღეში ცხელ ხაზზე არ შემოსულა პრეტენზია სასწრაფოს დაგვიანებაზე – ტიკარაძე

პუბლიკა

„ბოლო ორი დღის განმავლობაში ცხელ ხაზზე არ შემოსულა დამატებითი მოთხოვნა და პრეტენზია სასწრაფოს დაგვიანებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

„ის პაციენტები, რომლებიც პარასკევიდან მოითხოვდნენ სტაციონალიზაციას, ყველა განთავსებულია და ეს ასევე აისახება 112-სა და სასწრაფო გადაუდებელი დახმარების კოორდინირებულ მუშაობაში. ჩვენ, პარასკევის მონაცემებით გვქონდა 631 გამოძახება და 488 მომლოდინე ზარი 112-ში. ასევე, ძალიან ხშირი იყო 112-ში განმეორებითი ზარი, რომლითაც ფიქსირდებოდა ჩვენი მოქალაქეების [მომსახურების] დაჩქარებაზე სურვილი, რომ სასწრაფო აგვიანებდა. ასევე გვაქვს დამატებითი ცხელი ხაზები, სადაც ჩვენ ვაკვირდებით მოსახლეობის მოთხოვნებს, რომლებიც თავიანთ პრეტენზიებს აფიქსირებენ. ბოლო 2 დღის განმავლობაში ცხელ ხაზზე არ შემოსულა დამატებითი მოთხოვნა და პრეტენზია სასწრაფოს დაგვიანებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ტიკარაძის განცხადებით, დღეს, 9 საათის მონაცემებით, 112-ში 150 ზარი დაფიქსირდა, რომელთაგან კორონავირუსის მიმართულებით მხოლოდ 100 შემთხვევა იყო დაფიქსირებული და ისინი დღის განმავლობაში სტაციონარში განთავსდებიან.