აფრიკის დასახლებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დახმარება ადგილზე 2 ადამიანს გაუწია, ხოლო ორსული, რომელიც შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდა, კლინიკაში გადაიყვანეს.
„ორსული კლინიკა „ღია გულში“ გადაიყვანეს. კიდევ ორ მოქალაქეს აღენიშნებოდა ნევროტულობა და მათ ადგილზე გაეწიათ დახმარება, – განუცხადეს „პუბლიკას“ 112-ის პრესსამსახურში.
სანაძის ქუჩაზე, ვითარება დილიდან დაძაბულია. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. ადგილობრივები სახლების დემონტაჟის პროცესს აპროტესტებენ.
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო.
„ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო“, – წერია განცხადებაში.
მუნიციპალური ინსპექციის თქმით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.