მერია თბილისის ტერიტორიაზე უკანონო ნაგებობების სადემონტაჟო სამუშაოებისთვის ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 189 911 ლარია. წინადადებების მიღება 18 დეკემბრიდან დაიწყება და 23 დეკემბერს დასრულდება.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დემონტაჟის სამუშაოების ოპერატიულად შესრულება თბილისის ტერიტორიაზე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს (24 საათის განმავლობაში).
სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ სამუშაოები უნდა შესრულდეს შემსყიდველის დავალების შესაბამისად, ეტაპობრივად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს მინიმუმ 2 ბრიგადა, თითოეული მინიმუმ 10-კაციანი შემადგენლობით.
პრეტენდენტს სამშენებლო სამუშაოების ადგილზე საჭიროების მიხედვით უნდა გააჩნდეს შესაბამისი რაოდენობის მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, რომელიც გამოყენებული იქნება სამუშაოების წარმოების პროცესში. კერძოდ: ექსკავატორი, თვითმცლელი, თვითმტვირთველი, ამწე, ამწე-კალათა, პერფორატორი კომპლექტი, აირმჭრელი.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალში შედის:
- შენობა-ნაგებობის რკინა-ბეტონის კედლების დემონტაჟი;
- სამშენებლო ბლოკით მოწყობილი კედლის დემონტაჟი;
- რკინა-ბეტონის საძირკვლის დემონტაჟი;
- მსუბუქი და მარტივი ტიპის კონსტრუქციების ღობეების დემონტაჟი;
- უსახური ჯიხურების, ნაგებობების, მარტივი ტიპის კონსტრუქციების დემონტაჟი;
- საკომუნიკაციო ქსელის დაშლა;
- მიწის სამუშაოების ტექნიკით წარმოება.
დღეს თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო.
სანაძის ქუჩაზე, ვითარება დილიდან დაძაბული იყო. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები. ადგილობრივები სახლების დემონტაჟის პროცესს აპროტესტებენ. დილიდან რამდენჯერმე იყო შეხლა-შემოხლა სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის, რა დროსაც სამი ადამიანი შეუძლოდ გახდა, მათ შორის ერთი ორსული, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ დაკავებულია 8 ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით.