„სამწუხარო ფაქტი, ჩამოინგრა სლესის ციხის კოშკის კუთხე. ამა წლის შემოდგომით ის ჯერ კიდევ დაუზიანებელი იყო“, – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე არჩილ მაისურაძე და ფოტოებს ავრცელებს.
სამცხე-ჯავახეთში მდებარე ისტორიული ციხის ჩამონგრევის შესახებ სოციალურ ქსელში არა ერთი ადამიანი წერს და წუხილს გამოთქვამს.
„პუბლიკა“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. სააგენტოს წარმომადგენელმა, ბექა ბარამიძემ განაცხადა, რომ სააგენტო ადგილზე მდგომარეობის შესწავლას გეგმავს.
„ეს იყო ადვილად სავარაუდო, რადგან უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაში იყო ეს ციხე. გუშინვე გადაწყდა, რომ ხვალ სამუშაო ჯგუფი კონსტრუქტორების, რესტავრატორების ჩართვით გაემგზავრება ადგილზე. კიდევ ერთხელ შეისწავლის ზედაპირულ მდგომარეობას. მოხდება შედარებითი ანალიზი ძველი ანაზომების და დღევანდელი მდგომარეობის და ამის შემდგომ უკვე განისაზღვრება საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის ვადები და გეგმა. უკვე მიმდინარე წელს ჩვენ საპროექტო სამუშაოებთან ერთად დავიწყებთ მის გაწმენდასაც და ვფიქრობთ, მიმდინარე წელს დავიწყებთ სრულფასოვან, კომპლექსურ სარესტავრაციო სამუშაოებს“, – განაცხადა „პუბლიკასთან“ ბექა ბარამიძემ.