საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი გადადგა - მინისტრი გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებაზე

პუბლიკა

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებას გამოეხმაურა.

მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა არ იშურებს ძალისხმევას უკანონო პატიმრობაში დარჩენილი მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლებისთვის.

„სამწუხაროდ, როგორც ცნობილია, საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს თავის დესტრუქციულ პოლიტიკას, ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი მოქალაქეების უკანონოდ დაკავებასა და უკანონო პატიმრობაზე. იცით, რომ დღესდღეობით დაკავებულია ჩვენი რამდენიმე მოქალაქე, როგორც აფხაზეთის მიმართულებით – ირაკლი ბებუა, ასევე ცხინვალის მიმართულებით – ზაზა გახელაძე და გენადი ბესტაევი.

სასიხარულო ამბავია ის, რომ გუშინწინ გათავისუფლდა მირიან თაზიაშვილი. ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას უკანონო პატიმრობაში დარჩენილი მოქალაქეების უპირობოდ და დაუყოვნებლად გასათავისუფლებლად.

სამწუხაროდ, დღეს საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი გადადგა და ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა გახანგრძლივდა.

საქართველოს შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავენ და ამისთვის ჩვენ ვიყენებთ ყველა არსებულ ბერკეტს, დაწყებული არაფორმალური არხების გამოყენებით. მუდმივ რეჟიმში ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ რეგულარულად ვიღებთ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ და რაც მთავარია, ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გაძლიერდეს წნეხი საოკუპაციო რეჟიმზე და მივაღწიოთ ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებლივი გათავისუფლების შედეგს“. – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.