გუშინ, აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების ოჯახს სახელმწიფომ ახალი ბინის გასაღები გადასცა - PHR

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ 8 წლის გიგი ჩანგელიას ოჯახს 24 დეკემბერს, სახელმწიფომ ახალი ბინის გასაღები გადასცა.

„მათ უკვე შეუძლიათ ზუგდიდში, 3 ოთახიან ბინაში საცხოვრებლად გადასვლა“, – წერს PHR განცხადებაში.

ორგანიზაციის თქმითვე, ჯახის უკიდურესი სიდუხჭირიდან გამომდინარე, PHR-მა, როგორც გიგის წარმომადგენელმა სამართლებრივ დავებში, მოითხოვა ბავშვის და მისი ოჯახის თბილისიდან ზუგდიდამდე ტრანსპორტირება სახელმწიფოს უზრუნველეყო. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ამბობს, რომ სახელმწიფოს უარის შემდეგ ტრანსპორტირების ხარჯების მობილიზებას მოქალაქეები ახდენენ.


20 დეკემბერს, დევნილთა სააგენტომ აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ჩანგელიების ოჯახთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ სააგენტომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩანგელიების 5-სულიან ოჯახს, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში, სამოთახიანი ბინა გადასცა.