თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს

პუბლიკა

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს.

მომხდართან დაკავშირებით „პუბლიკა“ შსს-ს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ საქმეს პროკურატურა იძიებს.

ცოტა ხნის წინ, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ.ზ. შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

„მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ვ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მოკლა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე ასევე ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა ლ.ბ. საქმეზე ტარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.