როგორ ჰაერს ვსუნთქვათ შენობის შიგნით | რა მდგომარეობაა საბავშვო ბაღებში

პუბლიკა

როგორ ჰაერს ვსუნთქავთ შენობის შიგნით? რა იწვევს შენობისშიდა ჰაერის დაბინძურებას? რა გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე და რა მდგომარეობაა საქართველოში ამ მხრივ, კონკრეტულად კი საბავშვო ბაღებში? – სწორედ ამ საკითხებს ეხება კვლევა, რომელიც ორგანიზაციის „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო“ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ მომზადდა.

რას გულისხმობს შენობისშიდა ჰაერის დაბინძურება

შენობისშიდა ჰაერის ხარისხი გულისხმობს, როგორც შენობებისა და სახლების შიგნით არსებულ ჰაერის ხარისხს, ისე მათ გარშემო.

შენობისშიდა ჰაერის დაბინძურება, რომელიც აუარესებს ჰაერის ხარისხს, არის სხვადასხვა გარე და შიდა წყაროებიდან გამოფრქვეული დამაბინძურებლების ნაზავი, მათ შორის – ტრანსპორტის გამონაბოლქვი, ავეჯის დასამზადებლად გამოყენებული სხვადასხვა ნივთიერებები, შეშის არაეფექტური ღუმელებიდან გამოფრქვეული მტვერი, ტყვიის შემცველი საღებავები, სათამაშოები და ა.შ.

ნივთიერებები, რომლებიც გავლენას ახდენენ შენობისშიდა ჰაერის დაბიძნურებაზე

შენობის გარე, ანუ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება პირდაპირ ზეგავლენას ახდენს შენობისშიდა ჰაერის ხარისხზე.

საქართველოში ატმოსფერული ჰაერი ავტო-ტრანსპორტიდან, ასევე, ენერგო-სექტორიდან, სამრეწველო ობიექტებიდან და სოფლის მეურნეობის დარგებიდან ბინძურდება. თუმცა, ძირითადი დამაბინძურებელი, მაინც, ავტო-ტრანსპორტის გამონაბოლქვია.

მტვრის მყარი ნაწილაკები(PM) გამოწვეული ჰაერის დაბინძურება. ის ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და ქალებისათვის.

PM-ის კონცენტრაციის მაღალი დონე გამოწვეულია შენობის შიგნით მყარი საწვავის, ძირითადად, შეშის მოხმარებით, გათბობისა და საკვების მომზადების მიზნით.

ჯანმოს 2016 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მყარი საწვავის მოხმარების მაჩვენებლები, ევროპაში ყველაზე მაღალია (სოფლის მოსახლეობის 84%; ქალაქის- 12%; ქვეყნის მასშტაბით- 46%) და მნიშვნელოვნად აღემატება, როგორც საერთო რეგიონალურ, ასევე გლობალურ მაჩვენებლებს.

ნახშირორჟანგი (CO2), რომელსაც სუნთქვის დროს გამოვყოფთ შენობისშიდა ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა.

როგორც კვლევა ამბობს, იმის გამო, რომ ჩვენი ამონასუნთქი გარშემო არსებულ ჰაერს ერწყმის, სისხლში ნახშირორჟანგის დონე შეიძლება გაიზარდოს და დაღლილობის შეგრძნება გაგვიჩნდეს.

ხალხის რაოდენობა და მათ მიერ, ცუდი ვენტილაციის პირობებში, შენობის შიგნით გატარებული დრო, პირდაპირპროპორციულად ზრდის ნახშირორჟანგის კონცენტრაციის დონეს ჩვენს დახურულ საძინებლებში, საკლასო ოთახებსა და ოფისებში.

არაჰერმეტული გამაცხელებლები, გაზის ან შეშის ღუმელები, ბუხრები, სანთლები და თამბაქოს კვამლი – ნახშირორჟანგის წარმოქმნის დამატებითი წყაროებია.

ნახშირბადის მონოქსიდი (CO) უსუნო, უფერო, მაგრამ ძალიან საშიში გაზია, რომელიც არასრული წვის შედეგად წარმოიშობა.

მისი წარმოქმნის ყველაზე გავრცელებული შენოსბისშიდა წყაროა გაუმართავი გაზის (მაგ. ღუმელები და წყლის გამაცხელებლები), ასევე, მყარი საწვავის ღუმელები და გამათბობლები.

შენობის გარეთ CO-ს წარმოქმნის მთავარი წყარო ტრანსპორტია.

თამბაქოს კვამლი – ბევრ ქვეყანაში, ბავშვების 80%-ზე მეტი რეგულარულად იმყოფება თამბაქოს კვამლის მეორადი ზემოქმედების ქვეშ, სახლებში და კიდევ უფრო მეტად – სახლებს გარეთ.

თამბაქოს კვამლი რამდენიმე სახის მავნე დამაბინძურებელს შეიცავს, მათ შორის, ბენზოლს და წვრილ და ულტრა წვრილ ნაწილაკებს.

მოზრდილებში პასიურმა მოწევამ შეიძლება გაღიზიანება, სუნთქვის გამწვავებული სიმპტომები და გულის კორონარული დაავადება გამოიწვიოს. ბავშვებში კი შეიძლება მრავალი დაავადების მაპროვოცირებელი იყოს.

ნესტი და ობი დადგენილია ასევე, როგორც შენობისშიდა ჰაერის ძირითად პრობლემებად, რომლებიც არაპროპორციულად აისახება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

ოჯახების 20% -ზე მეტი ცხოვრობს ისეთ სახლებში, სადაც ნესტი და ობია. ობის სოკოები ვითარდება ტენიან და თბილ პირობებში, როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში.

სათანადო ვენტილაციის გარეშე, ნესტის დაგროვება ხელს უწყობს ობისა და სხვა მიკროორგანიზმების ზრდას, რამაც შეიძლება შენობისშიდა ჰაერის დამაბინძურებლების დამატებითი გამოყოფა გამოიწვიოს.

რა მდგომარეობა გვაქვს დღეს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, ჰაერის დაბინძურება, გარემოს ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი რისკია, რომელიც ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანის ადრეულ სიკვდილობას იწვევს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

აქედან, 3.8 მილიონი სიკვდილის შემთხვევა ოჯახებში გამოყენებულ ჯანმრთელობისათვის საშიშ საწვავსა და ღუმელების მიერ გამოფრქვეულ კვამლის ზემოქმედებას უკავშირდება.

შენობის შიგნით არსებული ჰაერის დამაბინძურებლების მავნე ზემოქმედება, გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებების, ასევე, ფილტვის კიბოს განვითარების რისკებს ზრდის.

საქართველოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 42 ნაადრევი სიკვდილის შემთხვევა, 100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით, დაკავშირებულია შენობისშიდა ჰაერის დაბინძურებასთან, რაც სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლია რეგიონში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საქართველო, შენობისშიდა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნების სამეულშია, ევროპის რეგიონში და მხოლოდ მცირედით ჩამორჩება ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს.

ეს, ძირითადად, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ, გათბობისა და საკვების მომზადების მიზნით, შეშის, ასევე სხვადასხვა მყარი და ბიოლოგიური ნარჩენების გამოყენებით არის გამოწვეული.

საქართველოს რეგიონებში, შეშის ღუმელები, რომელთა უმეტესეობა არაეფექტური და მოძველებულია, კვლავ, რჩება ერთ-ერთ მთავარ საშუალებად გათბობისა და საკვების მომზადებისათვის – როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო შენობებში.

სწორედ ეს იწვევს ჰაერის დაბინძურების მაღალ დონეს, ბავშვები უფრო მოწყვლადები არიან გარემო ფაქტორების ზემოქმედების მიმართ, ვიდრე მოზრდილები. შედეგად, ბავშვებზე, გარემოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებით განპირობებული ავადობისა და სიკვდილიანობის, არაპროპორციულად მაღალი წილი მოდის.

საბავშვო ბაღებში ჰაერის დაბიძნურების მთავარი წყარო შეშის ღუმლის გამოყენებაა

კვლევის ფარგლებში, 2019-2020 წლის ზამთრისა და გაზაფხულის სეზონზე, ცხრა მუნიციპალიტეტისა და საქართველოს სამი რეგიონის 59 საჯარო საბავშვო ბაღიდან (37 სოფლად, 22 ქალაქში) შეგროვდა ინფორმაცია, შენობისშიდა ჰაერის ხარისხის შესახებ.

გამოკითხვები მოიცავდა ინფორმაციას სავენტილაციო პრაქტიკისა და თითოეული საბავშვო ბაღის ინფორმირებულობის დონის შესახებ ჰაერის დაბინძურების სხვადასხვა წყაროებისა და ჯანმრთელობაზე მათი გავლენის შესახებ.

მხოლოდ 20 საბავშვო ბაღში გაიზომა მყარი ნაწილაკების (PM) დაბინძურების დონე ჰაერის ხარისხის მზომი სენსორებით, რეალურ დროში – ერთიდან სამამდე სასწავლო კვირის ინტერვალში.

„მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ბაღები, უმეტესწილად, არ გამოხატავდნენ რაიმე წუხილს ჰაერის ცუდ ხარისხთან დაკავშირებით, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვების უმეტესობა მთელი დღის განმავლობაში მყარი ნაწილაკების საშიშ ზემოქმედებას განიცდის, „- ვკითხულობთ კვლევაში.

შენობისშიდა ჰაერის დაბინძურების მაღალი დონის ძირითადი მიზეზი არის შეშის ღუმელების გამოყენება, რომლებსაც საქართველოს საბავშვო ბაღების თითქმის, ნახევარი ჯერ კიდევ იყენებს.

კვლევაში მონაწილე იმ საბავშვო ბაღების მყარი ნაწილაკების (PM) დონე, რომლებიც შეშას იყენებენ გათბობის მთავარ წყაროდ, 2.4-ჯერ მეტია ცენტრალურ გათბობაზე და ბუნებრივ აირზე მომუშავე საბავშო ბაღებთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ ბაღების უმეტესობა რეგულარულად აღებს ფანჯრებს ვენტილაციისთვის, ტემპერატურა არ კონტროლდება და, სავარაუდოდ, ხშირად ძალიან მაღალია.

გათბობის პერიოდში, საბავშვო ბაღების 60%-ში ბავშვები გარეთ არ გაჰყავთ და მხოლოდ ნაწილი ათამაშებს მათ გარეთ, ორი ან მეტი საათის განმავლობაში.

„მიუხედავად კვლევის შერჩევის მცირე ზომისა, მონაცემები ცხადყოფს, რომ ჩვენი შვილები და მათი აღმზრდელები, დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებას განიცდიან და არასაკმარის დროს ატარებენ გარეთ, „- ამბობენ კვლევის ავტორები.


„საბავშვო ბაღების უმრავლესობა (69.5%), ღუმელს საკვების მომზადების მიზნით არ იყენებს, მაგრამ ამ ბაღების 67.8% ღუმელით თბება. ქალაქში მდებარე საბავშვო ბაღების 45.% ღუმელს გასათბობად იყენებს, 54.5% კი არა. თუმცა, სხვაობა გაცილებით მკვეთრია სოფლად მდებარე საბავშვო ბაღებში, რომელთა, მხოლოდ, 18.9% არ იყენებს ღუმელს, როგორც გათბობის წყაროს.

„საბავშვო ბაღების უმრავლესობას (54.2%) არ აქვს სავენტილაციო სისტემა, შენობისშიდა კვამლის ან ორთქლის გასაწოვად.

საბავშვო ბაღების თითქმის ნახევარს (49.2%) არ აქვს მარტივი ვენტილატორი, რომ საკვების მომზადების დროს კვამლი და ორთქლი განიავდეს. ამ საბავშვო ბაღების უმეტესობა სოფლად მდებარეობს.

„გათბობის სეზონზე, საბავშვო ბაღების 61% საათობრივად აღებს ფანჯრებს ვენტილაციისთვის, 39% კი არა. საბავშვო ბაღების 62.7% ფანჯრებს დილით გაკვეთილამდე აღებს, ხოლო 47.5% დამატებით/მხოლოდ გაკვეთილის შემდე

„საბავშვო ბაღების 93.2% -მა იცის, რომ ჰაერის დაბინძურებამ შეიძლება ბავშვებში რესპირატორული დაავადებები გამოიწვიოს, რასაც ისინი ძირითადად იგებენ ტელე-რადიო გადაცემებისა (93.2%) და ჯანდაცვის მუშაკების(89.8%) საშუალებით.

რეკომენდაციებისა და კვლევის სრული ვერსიის გაცნობა შეგიძლიათ ბმულზე