აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრს, ირაკლი ჩავლეიშვილს ურნით ნაგავი თავზე დააყარეს. ინციდენტის ამსახველ ვიდეოს მოძრაობა „ალტერნატივა“ ავრცელებს.
„ნაგვის ყუთში ჩაგდებას, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის თავზე დაყრა ვამჯობინეთ (წნევიანი კაცია მაინც) . ყველა მოღალატეს იგივე ბედი ელის. ის ვინც ქართველ ხალხს უღალატებს და საკუთარი კეთილდღეობისთვის კომფორტს ამჯობინებს, საკადრის პასუხსაც მიიღებს ქართველი ხალხისგან“, – აცხადებს „ალტერნატივა“.
ირაკლი ჩავლეიშვილმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ მომხდარის გამო არ აპირებს, რომ პოლიციას მიმართოს.
„მე საჯარო პირი ვარ, თმენის ვალდებულება მაქვს და ამ ახალგაზრდას, რომელსაც მეტი შეგნება არ აქვს, ციხე გაზრდის? პასუხი უნდა მოეთხოვოს იმ ადამიანებს, ვინც მათ აგულიანებს – ვარშალომიძე, კირთაძე, ანთაძე, ისინი აგზავნიან ამათ. მათ უნდათ, რომ ამაზე ააგონ აჟიოტაჟი. მე, პირადად, ჩივილს არ ვაპირებ, მაგრამ იმიტომ არის პოლიცია და პროკურატურა, რომ ასეთ ხალხს მიხედოს“, – ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.
ირაკლი ჩავლეიშვილი საარჩევნო ბლოკის ენმ – „ძალა ერთობაშიას“ სიაში „რესპუბლიკური პარტიიდან” მოხვდა. არჩეულმა დეპუტატმა დეკემბერში განაცხადა, რომ ტოვებდა „რესპუბლიკურ პარტიას“ და ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად შევიდოდა აჭარის უმაღლეს საბჭოში.
„ხანგრძლივი განსჯის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით. 1990 წლიდან მოყოლებული, ვიყავი როგორც აჭარის, ასევე ქ. ბათუმის სამი მოწვევის დეპუტატი. ამ ხნის განმავლობაში, ყოველ ჯერზე გაყალბებული არჩევნების შედეგად, ხშირად მარტო მიწევდა ოპოზიციურ ფლანგზე მოღვაწეობა. მომავალშიც ასე ვაპირებ. სამწუხაროდ, ჩემი და „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” დამოკიდებულება, უმაღლესი საბჭოს ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავდება. ვფიქრობ, დეპუტატის ადგილი პარლამენტშია. ასევე თანავუგრძნობ მომიტინგეებს ქუჩაში, სადაც ჩემი პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი გამიტარებია”, – განაცხადა ჩავლეიშვილმა დეკემბერში.