თბილისის მერია ჩუღურეთის რაიონში უკანონოდ შესახლებულ ოჯახებს აფრთხილებს

პუბლიკა

თბილისის მერია მოუწოდებს ჩუღურეთის რაიონში, კერძოდ, ჩუბინაშვილის ქუჩა 52-სა და კონსტიტუციის ქუჩა 6-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში „უკანონოდ მყოფ ოჯახებს“, მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული პირობების შესაბამისად, დაუყოვნებლივ დაიწყონ ქონებისა და ფართების დაცლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მერია შესაბამის ორგანოებს მიმართავს.

მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული შენობა-ნაგებობების პრივატიზაცია სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტისგან“ დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად იყო გამიზნული და დღეს უკვე კერძო საკუთრებაა. შენობა უკანონოდ აქვს დაკავებული რამდენიმე ოჯახს, რომელთა ნაწილს დევნილის სტატუსი აქვს, ნაწილს კი – არა.

„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ჯანდაცის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად არაერთგზის შევხვდით ამ ოჯახებს და არაერთხელ განვუმარტეთ, თუ რა შედეგი შეიძლება დამდგარიყო იმ შემთხვევაში, თუ არ დატოვებდნენ სხვის საკუთრებას. მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს აშკარა კანონდარღვევასთან, ჩვენთვის მაინც პრიორიტეტეულია, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩეს ღია ცის ქვეშ და, რასაკვირველია, ვითვალისწინებთ იმას, რომ ამ ოჯახებში პატარა ბავშვებიც ცხოვრობენ. შეასაბამისად, ყველა ამ ოჯახს მიეცა განმარტება, ასევე – პირობა, რომ ისინი არ დარჩებიან ღია ცის ქვეშ და ქირით უზრუნველვყოფთ ფართებით. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა უკვე მოიძიეს ფართები, სადაც შეიძლება გადავიყვანოთ.

მერია მზადაა, ყველა არსებული სოციალური პროგრამით დაეხმაროს ამ ოჯახებს, ვუქირაოთ ბინები, რათა ხელი არ შეეშალოს უმნიშვნელოვანეს სოციალურ პროექტს – „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების დახმარებას და მათთვის კუთვნილი ბინების გადაცემას, რასაც მრავალი წელი იმედოდ ელოდნენ“, – აცხადებენ მერიაში.