„გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ არ დარჩენია შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თბილისში დამოუკიდებელი წარმომადგენელი ჰყავს, რომელიც სააკაშვილისგან დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს.
ის ამბობს, რომ ნიკა მელიას არ ეტყობა, რომ შეუძლია, წინ აღუდგეს მიხეილ სააკაშვილის ნებას. ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ „დღის კურიერში“ ისაუბრა.
„გირჩის“ თავმჯდომარე გადაცემაში ოპოზიციასთან კონსულტაციების შესახებ საუბრობდა.
წამყვანის შეკითხვაზე, დასრულდა თუ არა იაგო ხვიჩიასთვის მოლაპარაკებები, მათ შორის, კონსულტაციები ოპოზიციასთან, ხვიჩია პასუხობს: „როგორც ჩანს“.
„ჩვენ ბევრი კონსულტაცია გვქონდა, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მე არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თბილისში ჰყავს დამოუკიდებელი წარმომადგენელი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს.
ნიკა მელია იყო და ჯერჯერობით, კიდევ არის ნომინალურად ადამიანი, რომლის ყველაზე მეტი იმედი მქონდა და მაქვს, მაგრამ, რასაც ვუყურებ, ნიკა მელიას არ ეტყობა ამ წუთის მოცემულობით, რომ შეუძლია, წინ აღუდგეს მიხეილ სააკაშვილის ნებას იმიტომ, რომ ძალიან ცალსახაა, რომ ახალმოსული თავმჯდომარე მთავარი ოპოზიციური პარტიის, რომლისგანაც ჯერ საკუთარი თანაპარტიელები ელოდებიან გადაწყვეტილების მიღებას, ვინც არიან პარლამენტის წევრები, ასევე 500 000 მხარდამჭერი, რომელიც პარტიას ჰყავს…
ჩვენ დღეს ვნახეთ NDI-ის გამოკითხვები, რომელიც ამბობს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერების 80% და 65% პარლამენტში შესვლას უჭერს მხარს. ამას უგულებელყოფს და ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები ამ უხერხული სიტუაციიდან გამოიყვანოს და თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც დიდი პარტიის თავმჯდომარემ, ამის ნაცვლად, მიჰყვება იმ დინებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ დიდი ხნის წინ ითქვა, რომ „არაფერზე არ წავიდეთ კონსტრუქციულ მოლაპარაკებაზე, გავაკეთოთ სრული დესტრუქცია“ და ახლა 500 000 კაცის სახელით „ნაციონალური მოძრაობა“ ახდენს დესტრუქციას, ისევე როგორც „ქართული ოცნება“ ახდენს დესტრუქციას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მანვე აღნიშნა, რომ უკვირს პატარა პარტიების, მაგალითად, „ლელოსი“, რომლებიც ამბობენ, რომ პარლამენტში არ უნდა შევიდნენ.
იაგო ხვიჩია ამავე ეთერში გამოეხმაურა „ლელოს“ ოფისში შეხვედრასაც, რომელსაც „გრიჩი“ არ ესწრებოდა.
ბოლო პერიოდში დავინახეთ, რომ ვაშაძე დაგვემალა, „ლელო“ უხერხულ მდგომარეობაშია. გუშინ ვუსმენდი რომ, თურმე, ოპოზიცია ჩვენს გარეშე შეკრებილა „ლელოს“ ოფისში. მე უბრალოდ კითხვა მაქვს, ეს ხალხი ერთად რომ იკრიბება, „ლელოსთან“ მაქვს კითხვა, „ლელო“ არის მასპინძელი, მე რამე დავაშავე „ლელოსთან“? რატომ არ ვიყავი რაღაც შეხვედრაზე, სადაც ჩემი გარიცხვის საკითხი იხილებოდა? და საიდან გვრიცხავენ? მე რომ მითხრას ბატონმა ხაზარაძემ, არ მოხვიდეო, იქ ხომ მარტო „ნაცები“ დარჩებიან და უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ მიდის ასეთ პოლიტიკურ თვითმკვლელობაზე „ლელო“, რომ აეზილოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ღიად მიდის იმაზე, რომ მისი პარტია გახდეს ქუჩის პარტია, მისი პარლამენტის წევრები იყვნენ ქუჩაში იმიტომ, რომ ასე იქნებ უფრო მეტად მოუნდეთ აჯანყება. ამას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მე ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მაქვს ძალა, შევაჩერო პარლამენტარიზმის რღვევა, არ მაქვს ამხელა მანდატი,“ – ამბობს იაგო ხვიჩია.
„გირჩის“ თავმჯდომარის განცხადებით, იმის გამო, რომ სააკაშვილი ვერ ხდება ერთპიროვნული ხელისუფალი, „ნაციონალური მოძრაობის“ 36 დეპუტატი პარლამენტარიზმს წირავს და თავის 500 000 ამომრჩეველს უპასუხისმგებლოდ ექცევა.
„ჩვენ გვაქვს დრო, სანამ განცხადებები არ დაუკმაყოფილებია „ქართულ ოცნებას“. როგორც კი ისინი დააკმაყოფილებენ ჩვენი კოლეგების განცხადებას პარლამენტის დატოვების შესახებ, ჩვენც ჩვენი ნათქვამი სიტყვის შესრულება მოგვიწევს და მოგვიწევს [მანდატის] დატოვება.
ამის შემდეგ ჩემთვის იქნება ცხადი, რომ ამ ქვეყანაში, ოპოზიციასთან, რომელიც მზად არის პარლამენტი გააუქმოს, რომელიც გვაქვს ამ პერიოდში, არც იმ ოპოზიციის იმედი უნდა ჰქონდეს საქართველოს მოსახლეობას.
უნდა დავივიწყოთ, ჩავთვალოთ, რომ ეს ოპოზიცია მოკვდა და მოვძებნოთ ახალი ოპოზიცია, იმიტომ, რომ რამდენი წევრითაც არ უნდა შევიდეს პარლამენტში, რა შეთანხმებაც არ უნდა იყოს, ამ ხალხს არ უნდა პარლამენტში შესვლა. ამ ხალხს უნდა დესტრუქცია“, – განაცხადა ხვიჩიამ.