მომეჩვენა, რომ მელია დამემუქრა. თუ ეს მართლა მუქარაა, უნდა მივმართო, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს - ხვიჩია

პუბლიკა

„გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გააკრიტიკა, მას მელიამ დაურეკა და მოეჩვენა, რომ დაემუქრა. ხვიჩიამ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ მართლაც დაემუქრა მას მელია, იარაღის ტარების უფლებას გამოიყენებს.

„[ნიკა მელიამ] დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა, სამწუხაროდ, მე მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც. ამიტომ მინდა, თქვენი მეშვეობით გავარკვიო, მართლა მემუქრება ნიკა მელია თუ ზოგადად გაბრაზებულზე იცის ასეთი ლაპარაკი.

მე მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა. ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად, ჩემზე მორევა შეუძლია, მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება, თუ ეს მართლა მუქარაა და მემუქრება ბატონი მელია და დაადასტურებს თქვენი ეთერით, მე უნდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, თუ ვისაც არ უნდა იყოს, იმისთვის, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს.

მურუსიძის სასამართლოს იმედად პოლიციაში ხო არ ვუჩივლებ ჩემს პარტნიორს, მე ასეთი ადამიანი არ ვარ, ამ სასამართლოში არ ვუჩივლებ.

რომ არ გამლახოს, ჩემზე დიდი რომ არ მომერიოს, მე მჭირდება თავდაცვის საშუალება. ჯერ ვაზუსტებ, ბატონი მელია დამემუქრა თუ ხუმრობა იყო. მემუქრება დებატებზე გამოწვევით თუ ფიზიკურად, რომ ჩემზე დიდია, იმით“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩიას ამ განცხადებას ნიკა მელია სოციალურ ქსელში ფოტოთი ეხმაურება.