„ეპარქია იმსჯელებს და დააკისრებს პასუხისმგებლობას“ | სიძულვილის ენა და ქსენოფობია ქადაგებაში

პუბლიკა

დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის. ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას, – ასე გამოეხმაურა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი დეკანოზის ქსენოფობიურ და სიძულვილის ენის შემცველ ქადაგებას.

დეკანოზი თადეოზ სარალიძე ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში, მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობს. 24 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა მისი ქადაგება, რომელშიც ის ქსენოფობიურ, არმენოფობიურ მოსაზრებებს გამოთქვამს, ავრცელებს სიძულვილის ენის შემცველ და ანტიჰუმანურ გზავნილებს.

„ახლა აშინებენ, რომ ისეთი ვირუსი გამოდის, თურმე ბავშვებს უნდა დაეტაკოს. ნუ გეშინიათ, ბავშვებო, არაფერიც არ დაგეტაკებათ. თქვენ, მთავარია, ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები იყავით, ეკლესიის ერთგულები იყავით და ისეთი რამ გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ და გაცოცხლებს, ბაბუ. თუ არა და თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, შტერივით იყავი, მაშინ არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?“, ამბობს დეკანოზი ქადეგებაში.

საზოგადოებისა და თეოლოგების ნაწილი დეკანოზის ამ ქადაგებაზე საპატრიარქოდან შესაბამის რეაგირებას და განმარტებას მოითხოვდა, თუმცა ეპარქიის მიტროპოლიტის განცხადების გარდა, საპატრიარქოს დამტებითი კომენტარი ამ საკითხზე არ გაუკეთებია.

დეკანოზი არმენოფობიურ და ქსენოფობიურ მოსაზრებებს ქადაგებს: „სომეხი ხომ არ ხარ, გაფუჭებული სომეხი. სომეხი რას ამბობს, რა გავცე, რის გავცეო. მის მერე დაანებეს, შოთა რუსთაველი აშოტ რუსთაველიანციაო, ეს რომ გაიგეს ეს თქვაო, არა, არა, ეს ჩვენი არ არისო.

…ჩემთვის ახლაც სიამოვნებას მგვრის ის, რომ, წყალი რომ გაყავდათ არაფერში არ მჭირდებოდა მაგრამ, ხომ ადამიანები იყვნენ ის აზერბაიჯანელი ბიჭები ამ მტვერში. მართლა განვიცდიდი, რას მიზამდნენ ისინი, რას გამიკეთებდნენ… მერე კონტაქტში შემოვდნენ [აზრბაიჯანელები], კითხულობდნენ, ეს ეკლესიაო, მაგათ ხომ იცით, ეკლესია არ უყვართ, ამ ეკლესიას ვინ აშენებსო, მთავრობა თუ თქვენო. რატომ? ცივი წყალი არ გინდა დაალევინო, გინდა თათარი იყოს, გინდა ვინც…“, – ჰყვება დეკანოზი ქადაგებაში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სასულიერი პირი ქსენოფობიურ მოსაზრებებს გამოთქვამს ქადაგებაში და მრევლს მიმართავს.

დაახლოებით ერთი თვის წინ ქუთაისისა და გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელისა და ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია კარკაძის ანტისემიტური ქადაგების გამო არაერთი მიმართვა და განცხადება გაკეთდა, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან. მიტროპოლიტმა იოანემ, ლიტურგიისას ებრაელი ერი დამამცირებელ, ანტისემიტურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია.