მალტის მხარე ვაქცინების საკითხზე კავშირზეა საქართველოსთან - ელჩი

პუბლიკა

მალტის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის კოტე სურგულაძის ინფორმაციით, მალტის შესაბამის უწყებებს ვაქცინების საკითხზე კომუნიკაცია აქვთ საქართველოს საელჩოსთან და ამ საკითხზე სხვა წყაროებიდან გავრცელებული ცნობები არ არის სანდო. ელჩის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგებლობები ინტენსიურად მუშაობენ ადგილსამყოფელ ქვეყნებში „კოვიდ-19“-ის ვაქცინის მოპოვების მიზნით.

უწყება ყოველდღიურ კავშირზეა ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რათა ვაქცინა დროულად გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის.

მათ შორის, „კოვიდ-19“-ის ვაქცინებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩომ რომში, რომელიც ფარავს მალტის რესპუბლიკას, კონსულტაციები მალტის შესაბამის უწყებებთან ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო, მალტის მხრიდან საქართველოსთვის ვაქცინის შესაბამისი დოზების მიღების საკითხზე.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში ვაქცინები ჯერ არ იყო ხელმისაწვდომი მალტისთვის. ცხადია, საელჩო დღესაც აგრძელებს კონსულტაციებს მალტის მხარესთან.

მოლაპარაკებებში თავიდანვე ჩართული იყო მალტაში საქართველოს საპატიო კონსული, რომელიც თავისი არხებით ცდილობს, მიიღოს მალტის მხრიდან ვაქცინის სათანადო რაოდენობა.

საქართველოსთვის ვაქცინების მოწოდების საკითხზე მალტის მხარე კომუნიკაციაშია საქართველოს საელჩოსთან და შესაბამისად გადაწყვეტილება პირველ რიგში ცნობილი გახდება საელჩოსთვის და საქართველოს მთავრობისთვის. შესაბამისად, ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხზე ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით, წარმოადგენს სპეკულაციას“, – აცხადებს კოტე სურგულაძე.

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთავრობას კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად გეგმა შესთავაზა.

მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მალტამ ევროკავშირისგან საჭიროზე 1 მილიონით მეტი ვაქცინის დოზა მიიღო და შეუძლია, ღარიბ ქვეყნებს უსასყიდლოდ გადასცეს.