კარგი იქნებოდა ყველა ასეთი საშიში და მიუღებელი მქადაგებელი იცოდეს საზოგადოებამ - დეკანოზი ილია

პუბლიკა

„კარგი იქნებოდა, ყველა ასეთი საშიში და მიუღებელი მქადაგებელი იცოდეს საზოგადოებამ. ეს მარტო ერთი ხომ არაა, ასეთები არიან ბევრნი“, – ასე გამოეხმაურა მანჩესტერისა და ბირმინგემის ქართული სამრევლოს წინამძღვარი დეკანოზი ილია ჭიღლაძე დეკანოზ თადეოზის ქადაგებას.

დეკანოზი თადეოზ სარალიძე ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში, მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობს. 24 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა მისი ქადაგება, რომელშიც ის ქსენოფობიურ, არმენოფობიურ მოსაზრებებს გამოთქვამს, ავრცელებს სიძულვილის ენის შემცველ და ანტიჰუმანურ გზავნილებს.

„რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან სამწუხარო, ძალიან შეუფარებელი სასულიერო პირის ქადაგებისთვის. ამბიონისთვის, ასეთი ენა, მეტყველების ასეთი ფორმა ყოველად მიუღებელია. შეიძლება ადამიანს გქონდეს განსხვავებული შეხედულებები. ეს ყველას უფლებაა, მაგრამ ამბიონზე მდგარ მოძღვარს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიფრთხილე ევალება. რა თქმა უნდა, აქ უნდა გაითვალისწინო ყველაფერი, მით უმეტეს, როცა ეს იწერება და შემდგომ ვრცელდება, პასუხისმგებლობა ამ დროს ათმაგდება, თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან კარგია, რომ ეს ჩაიწერა და გავრცელდა თვითონ მათ მიერ… კარგი იქნებოდა, რომ ყველა ასეთი საშიში და მიუღებელი მქადაგებელი იცოდეს საზოგადოებამ. ეს მარტო ერთი ხომ არ არის, ასეთები ბევრნი არიან“, – განაცხადა დეკანოზმა „ფორმულას“ ეთერში.