ინა გუდავაძე „იმედის“ 100%-იან წილს ყიდის

პუბლიკა

დღეს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილის 100 პროცენტის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხი განიხილა.

შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“  მფლობელი ინა გუდავაძეა და ის ტელეკომპანია „იმედის“ 100%-იანი წილის მფლობელია. ეს კომპანია ასევე ფლობს 100%-იან  წილს GDS tv -სა და შპს „რადიო იმედში“.

მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე ითქვა, რომ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენის“ ყიდვა სურს ნიდერლანდებში რეგისტრირებულ შპს „მედია ფაინანს გრუპს“,  რომლის ბენეფიციარები არიან: აშშ-ის მოქალაქე იგორ ალექსეევი, ასევე აშშ-ის მოქალაქე ირაკლი რუხაძე და დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ბენჟამინ ალბერტ მარსონი.

მარეგულირებელი კომისიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, კომისიის გადაწყვეტილებაზე ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.