კურიერების პროტესტთან დაკავშირებით „გლოვო“ განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

საკურიერო მომსახურების კომპანია „გლოვო“ კურიერების პროტესტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ  მათ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ პარტნიორ კურიერებთან, აცნობენ ინფორმაციას ცვლილებებისა და საბონუსე სისტემების შესახებ.

„კურიერების ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული თანხით ყველა დასრულებული შეკვეთიდან და ბონუსით, რომელიც შეკვეთების რაოდენობასა და სამუშაო საათებზეა დამოკიდებული. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მომხმარებელმა ნებისმიერი შეკვეთა საათზე ნაკლებ დროში მიიღოს, ამასთანავე, ყველასთვის ცნობილია, რომ „გლოვოს” თითო კურიერი მხოლოდ თითო შეკვეთას ემსახურება, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ვზრდით კურიერების რაოდენობასაც და ვახდენთ საბონუსე სისტემის ადაპტირებას, რაც სტანდარტული პროცესია და დრო სჭირდება.

„გლოვერები”, რომლებიც Covid-19-ის გავრცელების პერიოდში ნამდვილ სუპერგმირებად იქცნენ ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის, „გლოვოს” მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები.

პროტესტში მონაწილე პარტნიორი კურიერებისგან ველოდებით კონკრეტულ მოთხოვნებს, რომ შევძლოთ მათთან ყველა დეტალზე საუბარი და კონსტრუქციული გამოსავლის პოვნა”, – ნათქვამია „გლოვოს” განცხადებაში.

დღეს კომპანია „გლოვოს“ კურიერებმა შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით კომპანიის ოფისთან აქცია გამართეს. ისინი ამბობენ, რომ სანამ კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, არ აპირებენ მუშაობის გაგრძელებას.

კურიერები რთულ სამუშაო პირობებსა და არასათანადო ანაზღაურებაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ კომპანიამ მომსახურების ტარიფი შეამცირა.