რაგბის კავშირის წევრები იუსტიციის მინისტრს მიმართავენ

პუბლიკა

დღეს საქართველოს რაგბის კავშირში ირაკლი აბუსერიძის მხარდაჭერებმა და კლუბების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მოუწოდეს იუსტიციის მინისტრს, პირადად დაინტერესდეს იმ ამბით, რაც რაგბის კავშირში ხდება.

მათი თქმით, 1 თვის წინ, 30 დეკემბერს ირაკლი აბუსერიძის რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთანავე მათზე დაიწყო წნეხი. ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ იუსტიციის სამინისტრომ ახალი პრეზიდენტის არჩევა დაუსაბუთებლად დაახარვეზა.

„მოგეხსენებათ, რომ 1 თვის წინ, 30 დეკემბერს ჩვენი გუნდის, საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთანავე ვიგრძენით წნეხი იმ ადამიანებისგან, რომლებისთვისაც ცხადია, რომ აბუს [ირაკლი აბუსერიძის] გუნდი და ნეპოტიზმი, კორუფცია, ფულის შოვნა არათავსებადია.  ქვეყნის სამარცხვინოდ, ამ ადამიანებმა, რომელთა შორის არიან ყოფილი მორაგბეებიც პირადი კონტაქტების ხარჯზე ამ სიბინძურეში სახელმწიფოს რიგი სტრუქტურებიც გარიეს.

იუსტიციის სამინისტრომ ახალი პრეზიდენტის არჩევა სრულიად დაუსაბუთებლად დაახარვეზა. მოითხოვა დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც სრული წესის დაცვით წარვადგინეთ“, – განაცხადეს რაგბის კავშირის წევრებმა ბრიფინგზე.

მათი თქმით, პასუხის მიღებამდე, 31 იანვარს უკანონოდ შეიკრიბა ძველი გამგეობის ნაწილი და 2021 წლის 24 თებერვალს ახალი არჩევნები ჩანიშნა. გუნდი აცხადებს, რომ აღნიშნული ყრილობა ძველმა გამგეობამ დაამტკიცა და, მათი აზრით, ეს არალეგიტიმურია.

„პასუხის მიღებამდე, სრულიად უკანონოდ, ჩუმად და სამარცხვინოდ, 31 იანვარს, 2 დღის წინ, საქართველოს რაგბის კავშირის იურიდიული სამსახურის და გამგეობის თავმჯდომარის გარეშე შეიკრიბა ძველი, უკვე არალეგიტიმური გამგეობის ნაწილი და ახალი, დე ფაქტო არჩევნები ჩანიშნა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ იუსტიციის მინისტრს, რომ პირადად და დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ამ საქმით“, – განაცხადეს რაგბის კავშირის წევრემა დღეს ბრიფინგზე.

საქართველოს რაგბის კავშირის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს საჯარო რეესტრში რეგისტრაცია 7 იანვარს შეუჩერეს.

საჯარო რეესტრს განცხადებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ მიმართა.

როგორც საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რეგისტრაციის შეჩერების მიზეზი წესდების დარღვევით ჩატარებული განმეორებითი საერთო კრებაა, რომელიც 2020 წლის 24 თებერვალს ჩაშლილი საერთო კრებიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო არ გამართულა.

4 თებერვალს იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებმა ბაჩო ხურციძის კანდიდატურის ლობირებაში სახელმწიფო მოხელეები დაადანაშაულეს.