შეწყვიტეთ მცდარი რიტორიკა, რომ ნარკოპოლიტიკაში სახელმწიფოს უმოქმედობა სამოქალაქო სექტორის ბრალია - EMC „ოცნების" წევრებს

პუბლიკა

EMC მოუწოდებს მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საზოგადოების შეცდომაში შემყვანი რიტორიკა იმის თაობაზე, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფოს უმოქმედობა ჰუმანური ნარკოპოლიტიკის დანერგვის მიმართულებით, თითქოს სამოქალაქო ორგანიზაციების, აქტივისტებისა და ექსპერტების ბრალია, – ამის შესახებ EMC განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაცია ეხმაურება პარლამენტში ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე ინიცირებული კანონპროექტის განხილვის პროცესს და აღნიშნავს, რომ:

„კანონპროექტის შინაარსის მიღმა, უკიდურესად პრობლემურია მისი განხილვის დროს ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა, რომ თითქოს მათი უმოქმედობა ნარკოპოლიტიკის რეფორმის მიმართულებით, სამოქალაქო ორგანიზაციების, დარგის ექსპერტების და აქტივისტების პასუხისმგებლობაა, რომლებიც, 2017-2018 წლებში სისტემური რეფორმის გატარებას მოითხოვდნენ. აგრეთვე პასუხისმგებლობისგან გაქცევას ჰგავს ხელისუფლების მხრიდან პირობების წამოყენება, რომ თუკი დარგის ექსპერტები, აქტივისტები და უფლებადამცველები კრიტიკულად შეაფასებენ კანონპროქტს, მაშინ პარლამენტი შეაჩერებს მის განხილვას და ამაზე პასუხისმგებელი სამოქალაქო ორგანიზაციები იქნებია.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე – მის გამოწვევებზე, თუ პროგრესზე. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ორი მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ საკმარისი დრო ჰქონდა ნარკოპოლიტიკის მიმართლებით ნაბიჯების გადასადგმელად, მათ შორის შემოთავაზებული ინიციატივის მისაღებად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ მოითხოვს ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტურ, პრინციპების დონეზე გადახედვას და მხოლოდ მიკრო-დონეზე ისახავს პრობლემის მოგვარებას. შესაბამისად, მსგავსი ნაბიჯის გადადგმის არათუ შესაძლებლობა ჰქონდა ხელისუფლებას, არამედ პოლიტიკურად იყო ვალდებული, დროულად აღმოეფხვრა კანონმდებლობიდან აღნიშნული ხარვეზი.

კანონპროექტის განხილვის პროცესში სამოქალაქო ორგანიაციების და დარგის ექსპერტების კრიტიკაზე ხელისუფლების პასუხი არ უნდა იყოს კანონპროექტის განუხილველად დატოვების მუქარა. არამედ, ეს არის შესაძლებლობა შემდგომ რეფორმებზე მსჯელობისთვის. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ თავად მმართველი პოლიტიკური გუნდიც აღიარებს, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი სრულყოფიულად ვერ აგვარებს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით არსებულ პრობლემებს და საჭიროა შემდგომი მუშაობა დაბალანსებული, ჰუმანური პოლიტიკის გასატარებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

► სრულად გაიაზროს ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე და შეწყვიტოს ამ პასუხისმგებლობის კონკრეტულ პირებზე თუ აქტორებზე გადატანა;

► უზრუნველყოს შემოთავაზებული კანონოპროექტის კონსტრუქციულ, საქმიან და არგუმენტირებულ რეჟიმში განხილვა;

► წარმოადგინოს სრულყოფილი ხედვა ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე და ამ მიმართულებით სამომავლოდ დაგეგმილ ნაბიჯებზე. უზრუნველყოს ამ პროცესში დაინტერესებული მხარეების, დარგის ექსპერტების და ნარკოტიკის მომხმარებელთა თემის წარმომადგენლების ადეკვატური ჩართულობა”, – ნათქვამია განცხადებაში.