დახმარება ეს არის სხვა რამე, მოვალეობა კი სხვა რამე - მაკო გომური ცქიტიშვილს

პუბლიკა

„დახმარება ეს არის სხვა რამე, მოვალეობა, ეს არის სხვა რამე”,  – ასე ეხმაურება 20 ივნისის სპეცოპერაციის ღამეს დაზარალებული მაკო გომური ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებას, რომ გომურის „დახმარების პროგრამა გაგრძელდება”.

„დღეს მაია ცქიტიშვილის განცხადება რომ წავიკითხე, ძალიან გავბრაზდი. ეს არ არის დახმარების პროგრამა. დახმარების პროგრამა მესმის, როდესაც სახელმწიფოს კეთილი ნებაა, ეს გააკეთოს, რომ დაეხმაროს ადამიანებს. ეს იყო სახელმწიფოზე დაკისრებული პასუხისმგებლობისა და მოვალეობის მოხდა. დახმარება ეს არის სხვა რამე, მოვალეობა, ეს არის სხვა რამე”, – აცხადებს მაკო გომური „ფორმულას” ეთერში.


„ვეხმარებოდით ქალბატონ მაკო გომურსაც და სხვა დაზარალებულებსაც. ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს ნება, გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, ეს დახმარების პროგრამა მასთან მიმართებაში ბუნებრივია გაგრძელდება. ვწუხვარ, თუ ასეთ უხერხულობას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ვიცე-პრემირმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის ღამეს, სპეცრაზმელის ნასროლი ტყვიით თვალი დაკარგა, მკურნალობის კურსის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ გამგზავრებას ვერ ახერხებს და მისი თქმით, ხელისუფლება მის მკურნალობას, ამ ეტაპზე აღარ აფინანსებს.  ამის შესახებ მან facebook-გვერდზე დაწერა.