მეტროსადგური „გოცირიძე“ მგზავრებს სამი თვის განმავლობაში ვერ მოემსახურება - მერია

პუბლიკა

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 8 თებერვლიდან აღნიშნული სადგური სამი თვის განმავლობაში მგზავრებს ვერ მოემსახურება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოძრავი შემადგენლობები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ არ გაჩერდებიან.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება.

თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. საბჭოს გადაწყვეტილებითვე, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმოძრავებს.