დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანა მარტის პირველ ნახევარში AstraZeneca-ს ვაქცინას მიიღებს. საუბარია დაახლოებით 180 000-დან 300 000-მდე დოზა ვაქცინაზე.
ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი ვაქცინის გამოყენებაზე ევროპის წამლების სააგენტომ (EMA) 29 იანვარს გასცა ნებართვა. ვაქცინა ევროკავშირის მასშტაბით ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის დაუშვეს.
საერთაშორისო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმ ქვეყნების შესახებ, რომლებმაც გასცეს რეკომენდაცია, რომ ვაქცინა არ გაეკეთებინათ 65 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის, ამის მიზეზად კი მონაცემების სიმცირეს ასახელებენ, რომელიც ხანდაზმულებში ვაქცინის ეფექტიანობას დაადასტურებდა.
მაგალითისთვის, ბრიტანული გამოცემა BBC-ის ცნობით, 2 თებერვალს საფრანგეთის ჯანდაცვის ხელმძღვანელმა პირებმა ოფიციალური რეკომენდაცია გასცეს, რომ 65 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის ვაქცინა არ გაეკეთებინათ. მათი განცხადებით, საჭირო იყო მეტი კვლევის მონაცემები, რომ ვაქცინა ამ ჯგუფშიც დაეშვათ.
AstraZeneca-ს ვაქცინაზე იგივე პოზიცია დააფიქსირა ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანამ: გერმანიამ, ავსტრიამ, შვედეთმა და პოლონეთმა. იტალიასა და ბელგიაში კი, მას უფრო მეტი შეზღუდვით, მხოლოდ 55-წელს ქვემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის იყენებენ.
თუმცა დიდი ბრიტანეთი, მექსიკა, არგენტინა, ინდოეთი და სხვა ქვეყნები AstraZeneca-ს ვაქცინას ყველა ასაკის ადამიანს უკეთებენ. დიდი ბრიტანეთის წამლისა და ჯანდაცვის სერვისების მარეგულირებელი სააგენტო უსაფუძვლოს უწოდებს იმის მტკიცებას, თითქოს ვაქცინის ეფექტიანობა 65 წელს ზემოთ მყოფ პირებში გამოკვლეული არ არის.
მაშინ, როდესაც ქვეყანა AstraZeneca-ს ვაქცინას უახლოეს მომავალში ელოდება, „პუბლიკა“ დაინტერესდა, გაიზიარებს თუ არა ქვეყანა იმ სახელმწიფოების თვალთახედვას, რომლებიც 65 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის აღნიშნული ვაქცინის გამოყენებას რეკომენდაციას არ უწევენ.
ჯანდაცვის სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს, ამიტომ ამ შეკითხვაზე პასუხს უახლოეს მომავალში მათი განცხადებიდან შევიტყობთ.
რამდენად საგულისხმოა ვაქცინასთან დაკავშირებით ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაცია – საკითხის შეფასება „პუბლიკამ“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტს, ქვეყანაში ვაქცინაციის დაგეგმვის კომისიის წევრს, აკაკი ზოიძეს სთხოვა.
ზოიძე ამბობს, რომ ევროპის წამლის სააგენტო არის მარეგულირებელი, რომელიც რეკომენდაციას გასცემს ინფორმაციის გულმოდგინე და ზედმიწევნით ანალიზზე დაყრდნობით. მისივე თქმით, ის ვერ ხედავს სანდო მეცნიერულ მტკიცებულებას, რომელიც აფიქრებინებდა, რომ ვაქცინა 65 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის შესაძლოა, ნაკლებეფექტიანი იყოს.
ამდენად, მისთვის გაცილებით უფრო სანდო და სარწმუნოა ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილება, ვაქცინის ყველა ასაკობრივ ჯგუფში გამოყენების შესახებ, ვიდრე ცალკეული ეროვნული მარეგულირებლის რეკომენდაცია, რომელსაც შესაძლოა საფუძვლად ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკური მოტივი, რასაც მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტი განაპირობებს.
„არგუმენტი, რომ ხანდაზმულებში ვაქცინის ეფექტიანობის დამადასტურებელი საკმარისი მონაცემები არ არსებობს, საკმაოდ საკამათო თემაა. 29 იანვარს ევროპის წამლის სააგენტომ ვაქცინის გამოყენებას აბსოლუტურად ყველა ასაკობრივ ჯგუფში მისცა რეკომენდაცია. ევროპის წამლის სააგენტო არის მარეგულირებელი, რომელიც ასეთ ინფორმაციას აანალიზებს ზედმიწევნით და გულმოდგინედ და შემდეგ იძლევა შესაბამის რეკომენდაციას.
ვერ ვხედავ მეცნიერულ მტკიცებულებას, სანდოს, რომელიც გვაფიქრებინებდა, რომ ვაქცინა არ არის ეფექტიანი 65 წელს ზემოთ მოსახლეობაში.
როგორც ზოგიერთი ავტორიტეტული გამოცემა ვარაუდობს, ვიზიარებ თვალსაზრისს, რომ ქვეყნების მიერ გაცემული რეკომენდაცია ვაქცინის დეფიციტით არის გამოწვეული. ვიცით, რომ მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტია, ანუ ზოგიერთი ქვეყანა ვაქცინის დეფიციტის გამართლებას ამ კუთხით ცდილობს – 65 წელს ზემოთ მოქალაქეების მოლოდინი ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით ცდილობს, გაამართლოს არგუმენტით, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომელიც მათ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის ეფექტიანობას დაადასტურებდა და ელოდებიან მეტ მტკიცებულებებს“
უფრო მეტიც, მისივე თქმით, ცოტა ხნის წინათ გავრცელდა პოზიტიური ინფორმაცია აღნიშნულ ვაქცინასთან დაკავშირებით, რომელიც ამბობს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინას აქვს უნარი არა მხოლოდ ინფიცირებისგან დაიცვას ადამიანი, არამედ, მინიმუმ, ორი-მესამედით შეამციროს ვირუსის გადაცემა:
„მთავარი მნიშვნელოვანი გზავნილი მოსახლეობისთვის არის ის, რომ ვაქცინები Pfizer, Moderna და AstraZeneca, ჯერჯერობით, 100%-იან ეფექტიანობას აჩვენებს სიკვდილიანობასთან მიმართებით. თითზე ჩამოსათვლელია ისეთი შემთხვევების რაოდენობა, როდესაც ვაქცინაციის შემდეგ დაემართათ კოვიდი და დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია.
იმავე AstraZeneca-ს ვაქცინას აქვს 65-90%-მდე ეფექტიანობა, რაც გულისხმობს, რომ არ ფიქსირდება სიკვდილობა და არც ერთი მძიმე შემთხვევა, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. უკვე მილიონობით ადამიანმა გაიკეთა ეს ვაქცინა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მაგალითად, ინგლისში. ჯერჯერობით, ამ პოპულაციაში არ ყოფილა შემთხვევა მათი ვირუსით ინფიცირების ან გარდაცვალების, ვირუსის შემდგომი გართულებით.”
აკაკი ზოიძის თქმით, უკვე ვიცით ზუსტი ციფრი, რომ ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინა 184 800 დოზა შემოვა. ეს არის საქართველოსთვის განკუთვნილი დოზა, რომელსაც ქვეყანა მიიღებს პირველი ორი კვარტალის განმავლობაში. აქედან რაღაც ნაწილი შემოვა თებერვლის ბოლოდან, მეორე ნაწილი – მარტის მეორე ნახევარში.
„მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ნდობა ვაქცინის მიმართ. მანამდე კიდევ მეტი მონაცემი დამუშავდება და გაანალიზება, მეტი მეცნიერული მტკიცებულება გაჩნდება“, – ამბობს ის.
პირველ ეტაპზე, როგორც ცნობილია, თებერვლის მეორე ნახევარში „კოვაქსის“ პლატფორმიდან შემოვა Pfizer-ის 29 250 დოზა, რომლითაც დაახლოებით მედიცინის 14 000-მდე მუშაკი აიცრება. დანარჩენ სამედიცინო პერსონალს აცრიან მაშინ, როცა ქვეყანაში შემოვა AstraZeneca-ს ვაქცინა. მედიცინის მუშაკების საერთო რაოდენობა ქვეყანაში 75 000 ადამიანია. აქედან სამიზნე არის 49 000 (60%), ვინც წელს უნდა აიცრას.
რამ განაპირობა განსხვავებული მოსაზრებები AstraZeneca-ს ვაქცინაზე
BBC-ის მიხედვით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და ქვეყნებს შორის პოზიციების განსხვავებას ამ დროისთვის არსებული მონაცემების ინტერპრეტაცია იწვევს.
კლინიკურ ეტაპზე კვლევისას, ვაქცინას განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ეთნიკური წარმომავლობის ათასობით ადამიანს უკეთებენ.
ცდებში მონაწილეთა ნაწილს კი შესადარებლად პლაცებოთი ცრიან, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ შეიცავს.
მეცნიერები შემდეგ ელოდებიან, რამდენ ადამიანს და რომელი ჯგუფიდან შეხვდება ვირუსი. თუკი ინფიცირებულთა უმეტესობა პლაცებოს ჯგუფიდანაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა წარმატებულია.
ასეთი სტანდარტული კვლევა ჩატარდა AstraZeneca-ს ვაქცინაზეც, მაგრამ ევროპის ქვეყნების ნაწილში მიიჩნევენ, რომ კომპანიამ ცდებში ზედმეტად მცირე რაოდენობით შეიყვანა 65 წელს ზემოთ მყოფი პირები. ამიტომ, მათი მონაცემები არასაკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ვაქცინა ხანდაზმულ ადამიანებშიც ეფექტიანია.
ქვეყნები კი, რომლებიც ვაქცინას ყველა ასაკობრივ ჯგუფში იყენებენ, მის ეფექტიანობას სხვა ასპექტებით აფასებენ და მიიჩნევენ, რომ უსაფუძვლოა მტკიცება, თითქოს ის ხანდაზმულ ადამიანებში არ იმოქმედებს.
ოქსფორდის უნივერსტიტეტის პროფესორი, ჯიმ ნაისმიტი BBC-თან ამბობს, რომ მოსაზრებათა სხვაობაა არა იმაზე, ეფექტიანია თუ არაეფექტიანი ვაქცინა ხანდაზმულებში, არამედ იმაზე, საკმარისი მონაცემებია თუ არა საიმისოდ, რომ მეცნიერებმა დასაბუთებული მტკიცება შეძლონ მის ეფექტიანობაზე.
„მეცნიერები ხშირად კამათობენ, რა რაოდენობის მონაცემია საჭირო დასკვნებისთვის და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მოცულობის მონაცემები გვქონდეს. როგორც წესი, როცა პანდემია არაა, ეს დისკუსია მხოლოდ სამეცნიერო წრეებში მიდის და მედიის ყურადღების მიღმა რჩება, თუმცა ის კვლევითი პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განმარტავს ნაისმიტი.
ამასთან, როგორც BBC წერს, წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ იმ ხანდაზმულებში, რომლებმაც კლინიკური ცდებისას AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთეს, იმუნური რეაქცია ისეთივე წარმატებული იყო, როგორც ახალგაზრდებში. 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში სისხლის ანალიზში საკმარისი რაოდენობით ანტისხეული დაფიქსირდა.
კომპანია AstraZeneca-ს განცხადებით კი, ვაქცინის ეფექტიანობის კვლევა გრძელდება და დიდ ბრიტანეთში იმ 2 000 ცდის პირზე წარმოებული კვლევის შედეგები, რომელთა ასაკიც 55 წელს ზემოთ იყო, მალე გამოქვეყნდება. ასევე მუშავდება აშშ-ში ხანდაზმულთა შორის წარმოებული კვლევის მონაცემებიც.