ბუნებრივი აირის სატუმბი 2 ავტომობილი აფეთქებას გადაურჩა - საგანგებო

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა თერჯოლაში ბუნებრივი აირის სატუმბი ორი ავტომობილი აფეთქებას გადაარჩინეს. უწყების ცნობით, ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 204-ე კილომეტრის მიმდებარედ ბუნებრივი აირით დატვირთულ ავტომანქანებს ცეცხლი გაუჩნდათ. უწყების თქმით, ავტომობილები გაზგასამართ სადგურზე იდგნენ და არსებობდა როგორც აფეთქების, ასევე, ცეცხლის გვერდით მდგარ მანქანებზე გავრცელების საფრთხე.

„შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებს გაზგასამართ სადგურზე დახვდათ ორი სატუმბი მოწყობილობით და ბალონებით დატვირთული ავტომანქანა. სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა არსებული საფრთხის თავიდან არიდება და ხანძრის დროული ლიკვიდირება“, წერია საგანგებოს განცხადებაში.