200-ლარიანი კომპენსაციის მიღებას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიც შეძლებენ - შემოსავლების სამსახური

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, თუ პირი 2020 წელს დაქირავებული იყო, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი და ამ პერიოდის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უფიქსირდება ხელფასის მიღება, ეს გარემოება აღარ გამოიწვევს კომპენსაციის გაცემის შეზღუდვას.

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ცვლილება შეეხო იმ პირებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ კომპენსაციის გაცემის პირობებს, მაგრამ მათზე განაცხადების წარდგენა ვერ განხორციელდა, დამქირავებელი მეწარმე ფიზიკური პირის გარდაცვალების ან იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო. ასეთ შემთხვევაში, კომპენსაციის მიღების მიზნით, 22 თებერვლის ჩათვლით, დაქირავებულ პირს თავად შეუძლია წარადგინოს განცხადება შემოსავლების სამსახურში.

„შემოსავლების სამსახური  შეგახსენებთ, რომ თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ შემთხვევაში, თებერვალში, აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას გამოიყენებს წინა თვის,  (იანვრის) განაცხადებს. ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, იანვრის თვეში ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათი წარმოდგენა შესაძლებელია 22 თებერვლის ჩათვლით (ვინაიდან 20 თებერვალი არის არასამუშაო დღე), რის შემდეგაც დაქირავებული პირები ისარგებლებენ 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებით“, – წერია გავრცელებულ განხცადებაში.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  აღნიშნული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად, (1 იანვრიდან ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში),  მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად.

200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, შემოსავლების სამსახურში გრძელდება განაცხადების წარდგენა. დღეის მდგომარეობით, უწყების მონაცემთა ბაზაში უკვე 11 900 განაცხადია დარეგისტრირებული.