თბილისის საკრებულომ აკაკი წერეთლის N177-ში მიწის 5 ნაკვეთზე ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი – მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა.
პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა ადგენს პროექტის ზოგად მახასიათებლებს, არქიტექტურულ გეგმარებას და სივრცით მოცულობას, სად განთავსდება შენობები და ა.შ. განკარგულება 2021 წლის 9 თებერვალს გამოქვეყნდა.
როგორც თბილისის საკრებულოს მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებაში ვკითხულობთ, შესაბამისი განაცხადით თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ალექსანდრე კირვალიძემ მიმართა და მოითხოვა მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცება.
განკარგულების მიხედვით, საკვლევ არეალზე წარმოდგენილია საბჭოთა პერიოდის საშუალო ინტენსივობის ნაგებობები, რომლებიც საცხოვრებელი დანიშნულებით გამოიყენებოდა.
როგორც განკარგულებაში ვკითხულობთ, საპროექტო წინადადებით იგეგმება „ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს“ შექმნა. ტერიტორიის საპროექტო ფართობია 14 708 კვ.მ
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, გაცხადებლებს ტერიტროიაზე სურთ ააშენონ 3 მაღალსართულიანი შენობა. (I ბლოკი, II ბლოკი, III ბლოკი)
I ბლოკი – საცხოვრებელი კორპუსი – 25 სართული;
II ბლოკი – კომერციული, საოფისე კორპუსი – 25 სართული;
III ბლოკი – სასტუმრო – 19 სართული;
შენობების მიწისქვეშა სართულებზე განთავსებული იქნება ავტოფარეხი.
უძრავი ქონების რეესტრის მიხედვით ხუთივე მიწის ნაკვეთის მფლობელია შპს „გლობალ ტექნოლოგიები“.
შპს „გლობალ ტექნოლოგიების“ დირექტორი არის ალექსანდრე კირვალიძე. კომპანიას რამდენიმე მფლობელი ჰყავს: ნიკოლოზ მაღლაფერიძე; იზოლდა უკლება; ნიკოლოზ ზუბიტაშვილი; მამუკა კაკულია, მერაბ კაკულია; მიხეილ ჩხარტიშვილი; ნათია ახობაძე; ხათუნა სარიშვილი; გოდერძი გაბისიანი.
განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შემდეგ განმცხადებელმა პროექტის შემდეგი მსვლელობისთვის თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს უნდა მიმართოს. პროცედურის მიხედვით, არქიტექტურის სამსახურმა უნდა მოიწონოს პროექტის ესკიზი და შემდეგ გასცეს მშენებლობის ნებართვა.