ოთხი არასამათავრობო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოხატავს ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას შესაძლო თვითმკვლელობის საქმეზე და სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებენ, დროულად გამოიძიონ მომხდარი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების ფარგლებში შესწავლილი უნდა იყოს ყველა შესაძლო ორგანოს/თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, ვისაც მსხვერპლის მიმართ მხარდაჭერისა და მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების წარმოების ვალდებულება ჰქონდა.
„აღნიშნულ საქმეში ჩანს ქალთა მიმართ ძალადობის უმძიმესი სოციალური პრაქტიკა და საპოლიციო და სოციალური ინსტიტუტების დანაშაულებრივი გულგრილობისა და არაეფექტიანობის ნიშნები“, – აცხადებენ ორგანიზაციები.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმეში აშკარად იკვეთება სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ჯეროვანი გულისხმიერების სტანდარტის დარღვევა, რაც საქართველოში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს. ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამგვარ დანაშაულებზე მართლმსაჯულება ხშირ შემთხვევაში, მოძველებული, დისკრიმინაციული მიდგომებით და გენდერული დანაშაულებისთვის შეუსაბამო მეთოდოლოგიით მიმდინარეობს, რაც სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ უმთავრეს ბარიერს წარმოადგენს.
„ევროპის საბჭოს მიერ 2020 წელს განხორციელებული კვლევის მიხედვით, მიუხედავად სექსუალური ძალადობის გავრცელებისა, კვლავ დაბალია მასზე სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინებისა და ამ შემთხვევებზე მართლმსაჯულების განხორციელების მაჩვენებელი. “კვლევის პერიოდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცხელ ხაზზე („112“) 316 შეტყობინება დაფიქსირდა სრულწლოვანი ქალის მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ. იმავე პერიოდში პირს გამამტყუნებელი განაჩენი სექსუალური ძალადობისთვის მხოლოდ 20 შემთხვევაში შეეფარდა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაციების განცხადებით, აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთი უმძიმესი გამოვლინებაა არასრულწლოვნებთან მიმართ სახელმწიფოს უმოქმედობისა, რომლისთვისაც არასრულწლოვნის ინტერესები არ არის უპირველესი საზრუნავი მართლმსაჯულების სისტემაში და წამოწყებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, მოზარდთა საჭიროებები მუდმივად უგულებელყოფილია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს არასრულწლოვნების მხარდაჭერის და დაცვის სპეციალური მიდგომები გამოძიების პროცესში, იგი საკუთარ როლს ვიწროდ პასუხისმგებელი პირის გამოვლენაში ხედავს. გარდა ამისა, არ არსებობს ქმედითი დაცვისა და დახმარების სერვისები, რომელიც მისაწვდომი იქნება, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. დღეს არსებულ კოორდინატორების სამსახურებს პროკურატურის სისტემაში და შსს-ში რესურსების ნაკლებობა აქვთ და სათანადო სერვისებს ვერ სთავაზობენ ძალადობაგამოვლილ ქალებსა და გოგონებს.
„არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის არაერთი ტრაგიკული შემთხვევის მიუხედავად, სახელმწიფოს არსებული პოლიტიკის რადიკალური ცვლილებების ნება არ გამოუვლენია, სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ყურადღება ეთმობა ზოგადად სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავებასა და იმპლემენტაციას. სისტემა უკიდურესად გულგრილი რჩება მოზარდებზე ზრუნვის პოლიტიკის, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავების კუთხით. ლუკა სირაძის თვითმკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ, ამ საქმით კვლავაც თვალნათელია მართლმსაჯულების და სოციალური მხარდაჭერის სისტემების გაუმართაობა და უმოქმედობა, მათ შორის კოორდინაციის და ურთიერთგაძლიერების მიდგომების სისუსტე. ეს კი, დაუცველს ტოვებს ბავშვებს, რომელთა საუკეთესო ინტერესების დაცვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შინაარსგამოცლილ მიზნად რჩება“, – აღნიშნილია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწიდებენ:
სამართალდამცავ უწყებებს:
- ეფექტიანად, ჯეროვნად და დროულად იყოს გამოძიებული ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის, ისევე როგორც მის მიმართ სექსუალური ძალადობის ეპიზოდები და საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დინამიკისა და შედეგების შესახებ.
- გამოძიების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დადგინდეს რამდენად ქმედითი და დროული იყო პირველადი გამოძიება არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამოძიების ნაწილში;
- ქალთა და გოგონათა მიმართ სექსუალურ ძალადობასთან საბრძოლველად მიიღოს ყველა სათანადო ზომა, რომელიც უზრუნველყოფს ამგვარ დანაშაულთა დროულ იდენტიფიცირებას, ეფექტურ გამოძიებას და სისხილსსამართლებრივ დევნას, მსხვერპლზე ორიენტირებული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით.
საქართველოს მთავრობას:
- საზოგადოების მაღალი ჩართულობით გააანალიზოს არასრულწვლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკაში არსებული ფუნდამენტური ხარვეზები და სხვადასხვა უწყებების კოორდინირებით შეიმუშავოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს;
- განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ქალთა და გოგონათა მიმართ სექსუალური ძალადობისა და მართლმსაჯულებაზე მისაწვდომლობის საკითხებზე და უზრუნველყოს სექსუალური ძალადობის მიმართ ინტერ-უწყებრივი ეფექტიანი პოლიტიკის დაგეგმვა, რომელიც ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციას, მსხვერპლთა მხარდაჭერასა და დამნაშავეთა სათანადო პასუხისმგებლობას.
- უზრუნველყოს, რომ იმ საქმეებზე, სადაც არასრულწლოვანი პირები ფიგურირებენ, განსაკუთრებით სქესობრივი დანაშაულის შემთხვევებში, ექსპერტიზა მაღალი მგრძნობელობით, დროულად და ჯეროვნად ჩატარდეს.
- დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკაში გაიაზროს დანაშაულის სტრუქტურული სოციალური მიზეზები, მსხვერპლის სპეციალური საჭიროებები და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და გააძლიეროს სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციისა და ტრანსფორმაციაზე ორიენტირებული მუშაობა, შექმნას შესაბამისი სერვისები როგორც თბილისში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
10 თებერვლის საღამოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის ოჯახი გასული წლის ზაფხულში მამაკაცის მხრიდან გოგონაზე შესაძლო სექსუალურ ძალადობაზე მიუთითებს. ამის შესახებ მათ ორი თვის წინ, სავარაუდო მოძალადის განმეორებით გამოჩენის შემდეგ შეიტყვეს და აღნიშნულზე პოლიციას მიმართეს.