სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოცმუშაკები 14 წლის გოგოს საქმეს ეხმაურებიან

პუბლიკა

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები ქობულეთში 14 წლის გოგოს საქმეზე განცხადებას ავრცელებენ.

„ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვზე ზრუნვის სისტემის გამართულ მუშაობას და ბავშვთან შემხებლობაში მყოფ თითოეულ სუბიექტს: სკოლას, სოციალურ სამსახურს, პოლიციას და სხვა. სამწუხაროდ, ჩვენ როგორც ბავშვზე ზრუნვის სისტემის ნაწილი, მივიჩნევთ, რომ დასაქმებული სოციალური მუშაკების უფლებრივი მდგომარეობა არის გაუსაძლისი და იმაზე რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა, ვიდრე 2 წლის წინ, როდესაც გვქონდა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ“, – აცხადებენ დასაქმებულები.

სოციალური მუშაკები აღნიშნავენ, რომ დღესდღეობით არსებული რესურსებით მათ არ შეუძლიათ, საფუძვლიანად შეისწავლონ თითოეული შემთხვევა, შეაფასონ რისკები, დაგეგმონ პრევენციული ან სარეაბილიტაციო მუშაობა.

„სისტემაში არის კადრების კრიტიკული დეფიციტი. სოციალურ მუშაკთა რაოდენობის გაზრდის ნაცვლად სისტემიდან რეორგანიზაციის საფუძვლით 2020 წლის იანვარში სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს 33 სოციალური მუშაკი. ამ დრომდე არ მომხდარა გათავისუფლებული კადრების აღდგენა. დღეს არსებული რიცხვი არ შეესაბამება სოციალური მუშაობის შესახებ კანონით აღებულ ვალდებულებებს. რის გამოც თითოეულ სოციალურ მუშაკს უწევს საქმეთა გადაჭარბებულ რაოდენობაზე მუშაობა. ამ ეტაპზე არ გვყავს არცერთი ფსიქოლოგი, რომელიც რეაბილიტაციის კუთხით იმუშავებს ბენეფიციარებთან. თბილისის მასშტაბით მომუშავე ერთადერთი ფსიქოლოგი კი მუშაობს ოჯახურ დავებზე. ხოლო სხვა ბენეფიციარები სახელმწიფოსგან ფსიქოლოგის მომსახურებას ვერ იღებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში

ისინი აცხადებენ, რომ 2021 წლის 1 თებერვლიდან, რეორგანიზაციის შემდეგ ჰყავთ პროფესიული ზედამხედველი, თუმცა მიუხედავად ამისა, დღესდღეობით მათთვის ფაქტობრივად ხელმიუწვდომელია სუპერვიზია. რადგან, მას უწევს ტექნიკური სამუშაოების შესრულება და არ აქვს სათანადო დრო, ყურადღება დაუთმოს შინაარსობრივ მუშაობას და 36-მდე სოციალური მუშაკისათვის ეფექტური და დროული ზედამხედველობა გასწიოს. შესაბამისად, ვერ ხდება გართულებული შემთხვევების სიღრმისეულად განხილვა/გავლა.

„ჩვენთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს გადაადგილება. სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფა სოციალური მუშაკის სამუშაოს შესასრულებლად ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რათა დროულად და შეუფერხებლად მივიდეთ დახმარების მომლოდინე მოქალაქესთან. დღესდღეობით გადასაადგილებლად გვჭირდება დიდი დრო და არსებული ერთადერთი მანქანა ვერ პასუხობს საჭიროებებს, მიუხედავად ამ საკითხის არაერთხელ გაჟღერებისა, ხელმძღვანელი პირებისგან ადეკვატური პასუხი და გადადგმული რეალური ნაბიჯები არ გვინახავს“, – წერია განცხადებაში.

სოცმუშაკები აღნიშნავენ, რომ პანდემიის პირობებში, არ ჰქონდათ რეგულარულ შემთხვევებზე გადასაადგილებელი საშუალება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის არყოფნის პერიოდში გადაადგილდებოდნენ ტაქსით და პირადი ხარჯებით.

„ყოველივე აჩვენებს, რომ სოციალური მუშაკები ვიმყოფებით ქაოსურ მდგომარეობაში. ყოველდღიურად ვხედავთ, რომ მიმდინარე რეფორმები არათუ გვეხმარება ჩვენზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად შესრულებაში, არამედ პირიქით. ამ რეფორმების დაგეგმვისას არ ყოფილა გათვალისწინებული პრაქტიკოსი სოციალური მუშაკების ექსპერტიზა და გამოცდილება, ასევე არ იქნა გათვალისწინებული კადრების სიმწირე, არსებული სერვისების რაოდენობა და ხარისხი სათანადოდ არ შეფასებულა“.

მათი განცხადებით, პროფესიული და ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე არიან დარჩენილი, რაც მათივე შრომის ეფექტიანობას ამცირებს და ბენეფიციარებს სათანადო დახმარებას ვერ აწვდიან.