10 თებერვალს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე მოზარდის ბაბუა დაკავეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.
1945 წელს დაბადებული ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა. 2006 წელს დაბადებულმა მოზარდმა მიმდინარე წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა.
ოჯახური ნიშნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ მუქარის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
პოლიციამ 14 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, რომელსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფრადა.
მოგვიანებით გარდაცვლილის დედამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოზარდს ძალადობრივ გარემოში უწევდა ყოფნა.
დედა ამბობს, რომ ბავშვი მომხდარის შემდეგ, სანამ პოლიციაში წაიყვანდნენ, მამამთილის ძმისშვილებმა „უმოწყალოდ სცემეს“.
„სულ წიხლქვეშ აგორა, თურმე, ჩემი შვილი. ეს ბავშვმა მომიყვა თვითონ . ძლივს გამოართვეს, რომ ბავშვი შემოგაკვდებაო და ციხეში ჩაჯდებიო. ამის შემდეგ წაიყვანეს პოლიციაში“, – ამბობს გარდაცვლილის დედა.
„როდესაც ჩემი მამამთილი ამბობს, რომ ბავშვმა თავისი სიკვდილით დანაშაული გამოისყიდა, რას ნიშნავს ეს? 13 წლის ბავშვი ამ დონეზე რატომ მიიყვანეს?“, – ასეთი კითხვაც დასვა გარდაცვლილის დედამ.
ბავშვის ბაბუა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ბავშვმა დანაშაული ასე გამოისყიდა – „დანაშაული, რომ გააუპატიურეს.”