გამოვაცხადეთ ტენდერი ახალი ხიდის მშენებლობაზე, რომელიც ბაგებს საბურთალოსთან დააკავშირებს - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  ახალი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც უნივერსიტეტის მე-11 კორპიუსსა და ბიბლიოთეკის კორპუსებს შორის გამავალ გზას თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან დააკავშირებს.

მისი თქმით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია, მალე გამოჩნდება გამარჯვებული კომპანიაც. სამუშაოების დასრულებას დაახლოებით წელიწად-ნახევარი, 2 წელი დასჭირდება.

„ჩვენ 2020 წელს გვქონდა დაგეგმილი ამ სამუშაოების დაწყება, თუმცა არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, პრიორიტეტების განსაზღვრიდან გამომდინარე მოგვიწია, ცოტა მოგვიანებით დაგვეწყო ამ სამუაშოების განხორციელება. გამოვაცხადეთ ტენდერი ახალი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ბაგებს საბურთალოსთან დააკავშირებს.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, იმიტომ, რომ განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დაიტვირთა ბაგები-წყნეთის მიმართულება, საავტომობილო გზა და ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გარკვეულწილად გავაჩინოთ ახალი გზა, სადაც შესაძლებელი იქნება ბაგებიდან საბურთალოზე გადავისროლოთ ნაკადები და ადამიანებს ჰქონდეთ რამდენიმე ალტერნატივა კონკრეტული გზის საშუალებით“, – განაცხადა კალაძემ.